გაიზარდა ნომინაციების რაოდენობაც – წელს „საბა“ 10 ნომინაციაში გაიცემა. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს დაემატა, გულისხმობს “ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის” გამოვლენას და დაჯილდოვებას და ეს ნომინაცია ისეთივე ყოველწლიური გახდება, როგორც „საბას“ დანარჩენი ცხრა ტრადიციული ნომინაციაა.
ახალი პრიზის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე თარგმნის, მისი საზღვარგარეთ გატანისა და პოპულარიზაციის წახალისებას.
ამ ნომინაციაზე განიხილება ნებისმიერი ქართული (თანამედროვე თუ კლასიკური) ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი ნებისმიერ უცხოურ ენაზე, რომელიც წიგნად არის გამოცემული საქართველოს საზღვრებს გარეთ, უცხური გამომცემლობის მიერ. შესაბამისად, ამ ნომინაციაში კონკურსანტები იქნებიან ის ქართველი თუ უცხოელი მთარგმნელები, რომელთაც ქართული ნაწარმოები თარგმნეს.
„საბას“ 5-კაციანი ჟიური ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი ჟიური მუშაობას თებერვლის შუა რიცხვებიდან შეუდგება და რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2011 წელს გამოცემულ ყველა ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებს, ასევე უცხოური ნაწარმოებების ქართულ თარგმანს.
რაც შეეხება „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის“ ნომინაციას, მასზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომელიც ქართველი და უცხოელი ლიტერატორებისგან იქნება დაკომპლექტებული. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ რეცენზიებსა და დასკვნებზე დაყრდნობით გამოავლენს გამარჯვებულ მთარგმნელს „საბას“ ხუთკაციანი ჟიური.
ახალი, საერთაშორისო ნომინაციის დამატების შედეგად პრემია „საბა“ წელს 10 ნომინაციაში გაიცემა.
პრემია „საბა“ 2003 წელს თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა დააფუძნა და მისი მიზანი გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა. გამარჯვებული ავტორები, „საბას“ პრიზთან ერთად, თიბისი ბანკისგან სოლიდურ ფულად პრემიებსაც მიიღებენ.
„საბას“ კონკურსზე წიგნების წარდგენა 24 იანვარს იწყება, 10 თებერვლამდე გრძელდება და მასზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლებს, ისე თავად ავტორებსა და მთარგმნელებს.