სანდენსის კინოფესტივალის ფარგლებში რიჩარდ ლინკლეიტერის ცნობილი ფილმების “Before Sunrise”–ისა და “Before Sunset”–ის გაგრძელების მსოფლიო პრემიერა შედგა. ფილმს Before Midnight – “შუაღამემდე” ჰქვია და მისი მოქმედება ჯესისა (ჰოუკის გმირი) და სელინის (დელპის გმირი) უკანასკნელი თავგადასავლიდან 9 წლის შემდეგ ხდება. ცნობილი რომანტიკული კინო–წყვილი, რომელიც ლინკლეიტერის პირველ ფილმში “მზის ამოსვლამდე” (1995წ) ერთმანეთს ვენისკენ მიმავალ მატარებელში ხვდება, უკვე მესამედ უბრუნდება კინოეკრანს. ფილმის მოქმედება ამჯერად საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ვითარდება, სადაც უკვე 40 წელს გადაბიჯებულ გმირებს ისევ 24 საათი აქვთ რომანტიკული ისტორიის განსავითარებლად.
“ფილმის მთავარი გმირი არც მე ვარ და არც ჟული,” – წერს ითან ჰოუკი წერილში, რომელიც ფილმის პრემიერის შემდეგ ლინკლეიტერმა წაუკითხა პუბლიკას – “მთავარი გმირი და ვარსკვლავი ამ ფილმისა არის დრო”.
როგორც სანდენსის ოფიციალური საიტი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ფილმების შემქმნელი ტრიოს მისამართით გამუდმებით ისმოდა კითხვები, მოჰყვებოდა თუ არა ჯესისა და სელინის ისტორიას გაგრძელება, მათ მოახერხეს მთელი ფილმი ისე გადაეღოთ საბერძნეთში, რომ გადაღებები არსად გახმაურებულა, რაც, რეჟისორის აზრით, გადამწყვეტი იყო ფილმზე მუშაობისას ინტიმური სულის შესანარჩუნებლად.
რიჩარდ ლინკლეიტერის, ჟული დელპისა და ითან ჰოუკის ტრიო ფილმის შესაქმნელად პირველად 1995 წელს გაერთიანდა. ვენაში დაწყებული ისტორიის გაგრძელებამ (“მზის ჩასვლამდე”) 2004 წელს პარიზში გადაინაცვლა. წყვილის ბერძნული თავგადასავლები კი 2013 წლის განმავლობაში მსოფლიოს კინოთეატრებში იმოგზაურებს.