ხელოვნება

საქართველო და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

15 ოქტომბერი, 2012 • 1354
საქართველო და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

მოლაპარაკება სტატუსის მოპოვების საკითხზე საქართველოს მხარესა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობას შორის ფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართა. საქართველოს კონკურენტი სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში მექსიკა და მალაიზიაა. სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ფრანკფურტისა და სხვა წიგნის ბაზრობებზე მონაწილეობის გამოცდილება და ნათარგმნი ლიტერატურის გარკვეული რაოდენობა.

 

“როგორც სტუმარი ქვეყანა, საქართველო ბაზრობაზე ქართული ლიტერატურით ვერ წარსდგება. აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს გერმანულ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურა. ამ დროისთვის გერმანულად ბევრი წიგნი არ გვაქვს, თუმცა, თუ ჩვენ ამ სტატუსს მოვიპოვებთ, სამი წელი გვაქვს კიდევ იმისთვის, რომ წიგნები ვთარგმოთ”, – ამბობს ნინო გოგინაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

 

სტუმარი ქვეყანა ყოველ წელს ბაზრობაზე ერთია. ქვეყანას ეთმობა ცალკე პავილიონი, სადაც არა მარტო ქვეყნის ლიტერატურა, არამედ მთლიანი კულტურაა წარმოდგენილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ორგანიზებას უწევს სპეციალურად სტუმარი ქვეყნისთვის სხვა და სხვა აქციებს, პრომოებს არა მარტო ბაზრობის მიმდინარეობისას, არამედ მთელი წლის განმავლობაში. რადგან სტუმარი ქვეყანა ბაზრობის ყურადღების ცენტრშია, სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლები ინტერესდებიან და აქტიურად თარგმნიან ამ ქვეყნის ლიტერატურას. ნინო გოგინაშვილის თქმით, ამ სტატუსის მოპოვება ქართველი მწერლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

ასევე, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქართველი მწერლების გამოსვლა ბაზრობის ფორუმ-დიალოგზე, სადაც მწერლები საკუთარ ლიტერატურას აუდიტორიის წინაშე თავადვე კითხულობენ. წელს ფორუმის მონაწილე სამი ქართველი მწერალი იყო – ანა კორძაია-სამადაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ნინო ხარაზიშვილი. მწერლები ნაწარმოებებს ინგლისურ ან გერმანულ ენაზე კითხულობდნენ.

 

“ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო მათი ნაწარმოებების კითხვას, რაც ყოველთვის არ ხდება”, – ამბობს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

 

რაიმე კონკრეტული შეთავაზებები უცხოური გამომცემლებისგან ავტორებს ჯერ არ მიუღიათ, თუმცა გოგინაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი დროსთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, უახლოესი ერთი თვე აჩვენებს, რამდენად საინტერესო იყო მათი შემოქმედება მსოფლიო საგამომცემლო სივრცისთვის.

 

გერმანულ ენაზე უკვე ითარგმნა და გამოიცა ერთ-ერთი ქართველი მწერლის – თამთა მელაშვილის რომანი “გათვლა”, რომელიც წელს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ე.წ. “ჰოტ ლისტში” მოხვდა. “ჰოტ ლისტს” მკითხველები ინტერნეტ გამოკითხვის საშუალებით და სპეციალური ჟიური ადგენს. გამოკითვაში მონაწილეობას მკითხველები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან იღებენ.

 

“ეს ნიშნვს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხა ეს წიგნი და მისცა უმაღლესი შეფასება”, – განმარტავს გოგინაშვილი

 

საქართველო 2007 წლიდან ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. სტენდზე წელს 12 გამომცემლობის – ბაკურ სულაკაურის, პალიტრა ლ-ის, გია ქარჩხაძის გამომცემლობის, ლოგოს პრესის, დიოგენეს, სიესტას, საქართველოს მაცნეს, ინტელექტის, არტანუჯის, ბაკმისა და ზებრა გრუპის – პროდუქცია გამოიფინა. ასევ, იყო საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის სტენდები. ბაზრობას ყოფილი კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა რურუაც ესწრებოდა.

 

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით მონაწილეობს.

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად 10-14 ოქტომბერს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი