ხელოვნება

უტა ბაიერის “კორპუსი 18”- პირადული და დაფარული თბილისი

13 მარტი, 2014 • • 1170
უტა ბაიერის “კორპუსი 18”- პირადული და დაფარული თბილისი

პროექტი „კორპუსი 18“, რომელიც ერთ წიგნად შეიკვრება, თბილისში მდებარე საბჭოთა ეპოქის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინადრების შესახებ მოგვითხრობს. შენობა 1981 წელს აშენდა და  პირველი იყო იმ რამდენიმე ათეული შენობიდან, რომელთა მშენებლობა ამ ტერიტორიაზე 1980-იანი წლების დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.

 

კორპუსი 18 ცხრასართულიანი ბეტონის საცხოვრებელი კომპლექსია 7 კიბით, თითოეული კიბე 18 ბინას უკავშირდება. სახლში 126 ოჯახი ცხოვრობს. წიგნი მოგვითხრობს კორპუსი 18-ის ბინადარ 18 ოჯახზე 2011 წელს, სახლის  აშენებიდან 30 წლის შემდეგ. ყოველი ოჯახი მთლიანი ამბის შემადგენელ პატარა ამბად არის წარმოდგენილი, თანდართული მოკლე ფაქტებით: ოჯახის წევრების სახელები, ასაკი, პროფესიები, სახლში ცხოვრების მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები, მათი იმედები, ოცნებები, ან  შეხედულებები ცხოვრებაზე.

 

„კორპუსი 18“-ის მიზანია გადაიხედოს გაპარტახებული ფასადების, უსახური ბეტონის, კორპუსი 18-ის მოუვლელი საზოგადოებრივი სივრცეების მეორე მხარეს და  გამოიკვლიოს შენობის „შიგთავსი“, ინტერიერები, პირადული და დაფარული. უფრო ფართო გაგებით, წიგნი მიზნად ისახავს ცხოვრების, ოჯახური წრის, საცხოვრებლის, სულიერი სიახლოვის ეგზისტენციალური და უნივერსალური ადამიანური კონცეფციების კვლევას,  ეძებს იმ ელემენტებს, რომლებიც შეადგენენ ცნებას „შინ“ და ამოიცნობიან, როგორც „შინ“ ყველა კულტურასა და ისტორიაში.

 

უტა ბაიერი გერმანელი ფოტოდოკუმენტალისტია, რომელიც 2009 წლიდან თბილისში ცხოვრობს. ადამიანების ადგილსამყოფელით, მათი სულიერი ურთიერთობებით, ასევე, მატერიალური სამყაროს საგნებითა და ობიექტებით დაინტერესებულმა ფოტოხელოვანმა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის თემად ქალაქ თბილისის ყოველდღიურობის  აღწერა აირჩია.

 

თბილისის საცხოვრებელ პირობებს უტამ არაერთი გრძლვადიანი დოკუმენტური პროექტი მიუძღვნა, რომლებიც ფართოდ იყო წარმოდგენილი გამოფენებზე ევროპასა და საქართველოში.  უტა ბაიერის წიგნი „კორპუსი 18“  პირველი დოკუმენტური ფოტორეპორტაჟია თანამედროვე ცხოვრების შესახებ საქართველოში, რომელსაც სიესტა გამოსცემს.  

 

უტა კიოლნის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს ფლობს. მეორე სამაგისტრო ხარისხი ფოტოჟურნალისტიკასა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მოიპოვა ლონდონის კომუნიკაციების კოლეჯში (ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი