ბერას პირველი სოლოკონცერტი საჩხერეში 23 აგვისტოს, 20 საათზე დაიწყება. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
როგორც ბერა ივანიშვილის პრესსამსახურში აცხადებენ, მომღერალი მსმენელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება:
“ეს იქნება კონცერტების ტურნეს დასაწყისი. ყველა კონცერტზე, რომელსაც ბერა ივანიშვილი გამართავს, დასწრება თავისუფალი იქნება. საჩხერეში შესრულდება როგორც ბერას ძველი ჰიტები, რომლებიც უკვე ძალიან უყვარს გულშემატკივარს, ასევე ახალი სიმღერები. ეს ტურნეს დასაწყისია და მომავალში კონცერტები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში. მეტი დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ბერა საკუთარ გულშემატკივარს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება”, – განაცხადა ბერას პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთი მგელაძემ.
კონცერტების საინფორმაციო მხარდაჭერას “მე–9” არხის გარდა ახალი ტელევიზია GDS TV უზრუნველყოფს.
ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS TV ამჟამად საცდელ რეჟიმში მაუწყებლობს, სექტემბრიდან კი სრული დატვირთვით იმუშავებს.