კინოხელოვნება

“ტრანზიტ ჰავანა” – ფილმი სხვა სხეულსა და ქვეყანაში დაბადების სურვილზე

24 ოქტომბერი, 2016 •
“ტრანზიტ ჰავანა” – ფილმი სხვა სხეულსა და ქვეყანაში დაბადების სურვილზე

ჰავანაში მზიანი ამინდია. სიცხით შეწუხებული სამი ქალი პლაჟისკენ მიმავალ ტაქსის აჩერებს. სანაპიროზე გასვლა მათთვის არცთუ ისე სასიამოვნოა, რადგან საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ.

მალუ ტრანსგენდერი ქალია და უკვე წლებია თავის რიგს ელოდება. ჰოლანდიიდან ჩამოსული ქირურგების იმედადაა დარჩენილი. სქესის შეცვლის ოპერაცია უნდა გაუკეთონ. უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობს – აქვს სახლი, სამსახური, ჰყავს მეგობრები და სრული ტრანზიციისათვის მხოლოდ რამდენიმე ოპერაცია სჭირდება. ოჯახის დაკარგვის აღარ ეშინია. ახლა დედამისსაც მოსწონს მისი გრძელი თმა. თვითონაც ამაყობს – 15 დოლარის გადახდაც კი შეუძლია კარგი შამპუნისათვის. მამა მის ჩატანილ სიგარეტს ელოდება, თუმცა შვილის მიმართ შემწყნარებლობით არ გამოირჩევა.

ოდიტი სატანკო ბატალიონის ოფიცერია, მაგრამ ახლა მწყემსად მუშაობს. ამბობს, რომ მის შესახებ  საქმე სამხედრო დანაყოფში კარგად არც არავინ იცოდა. თავადაც უკვირს, როგორ მალავდა ჯარში ყოფნის დროს გენდერულ იდენტობას. არ უნდა, რომ ოდესმე ომი დაიწყოს – იცის, პირველს სწორედ მას გამოუგზავნიან ცნობას გაწვევის შესახებ. ღმერთის სწამს და სამოთხის არსებობისაც სჯერა. ოჯახის წევრებს მისი არ ესმით.

ხუანი 1970 წლიდან იბრძვის საკუთარი უფლებებისათვის. კუბის პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს შვილის, მარიელა კასტროს ორგანიზაციის დახმარებით კი ახლა უკვე სრულფასოვანი კაცია. თავს მატრასების კეთებითა და პენსიით ირჩენს. ცხოვრებაში პირველადაა შეყვარებული.

დოკუმენტური ფილმი “ტრანზიტ ჰავანა” სამი ტრანსგენდერი ადამიანის ისტორიას აერთიანებს და გვიამბობს იმ დაბროკოლებების შესახებ, რომელთა გადალახვაც კომუნისტური იდეოლოგიის, რელიგიისა და ადამიანის უფლებების ჭიდილში ფილმის გმირებს უწევთ. ფილმის ჩვენებას დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CineDOC-ის სტუმრები – ფილმის სცენარის ავტორი, ალექს ბეკერი და რეჟისორი დანიელ აბმა დაესწრნენ.

ფილმის იდეისა და სცენარის ავტორი ალექს ბაკერი. 22.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფილმის იდეისა და სცენარის ავტორი ალექს ბაკერი. 22.10.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჰოლანდიელი დოკუმენტალისტი, ალექს ბეკერი უკვე 20 წელია იმ სხეულში ცხოვრობს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. ამბობს, რომ დაიბადა არასწორი გენდერული იდენტობით, თუმცა, სწორ ქვეყანაში. ნიდერლანდების სამეფო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე სქესის შეცვლის ოპერაციას წელიწადში ათობით მოქალაქეს ოფიციალურად 1970 წლიდან უფინანსებს. ალექსიც ერთ-ერთი მათგანია. რადგან თავად არ ჰქონია სამედიცინო მომსახურების მხრივ პრობლემები, სხვა ქვეყნების მაგალითებით დაინტერესდა და მეგობარ ქირურგს ჰავანაში გაჰყვა ადგილობრივ ტრანსგენდერებთან შესახვედრად. ფილმის შექმნის იდეაც აქედან გაუჩნდა.

ფილმის გმირებთან დაახლოება და საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. პირიქით, მათ თავად უნდოდათ ფილმში მოხვედრა და თავიანთი პრობლემების შესახებ საუბარი.

“ზოგჯერ ოჯახის წევრებს არ სურდათ, რომ გადაგვეღო მათ სახლებში, ამიტომ ფილმის გმირებს სხვა სივრცეებში ვხვდებოდით. თუმცა დასაწყისში ყველაფერი უფრო რთულად წარმომედგინა. მგონია, რომ, მაგალითად, საქართველოში უფრო გამიჭირდება გადაღება ამავე თემაზე,” – ამბობს ალექს ბეკერი.

ფილმს თან სდევს სოციალიზმის, როგორც ქვეყნის მამოძრავებელი იდეოლოგიის, ნარატივი, ასევე, ასახავს აშშ-სა და კუბას შორის სავაჭრო ემბარგოს გაუქმების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას.

ფილმის გადაღების პროცესი. ფოტო: "ტრანზიტ ჰავანას" ფეისბუკ გვერდი

ფილმის გადაღების პროცესი. ფოტო: “ტრანზიტ ჰავანას” ფეისბუკ გვერდი

გადამღები ჯგუფი ერთ წელზე მეტხანს მუშაობდა სამი გმირის ისტორიაზე. საფესტივალო მოგზაურობა ფილმმა წელს დაიწყო და 8 ოქტომბერს ლგბტიქ თემის საკითხზე გადაღებულ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დაასახელეს კოპენჰაგენის ლგბტ ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.

ჯანდაცვის პროგრამების, ოპერაციების დაფინანსების რთული პროცესის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან, არის სამართლებრივი რეგულაციები – ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერ ახერხებენ, სრული ტრანზაციის მიუხედავად, მათი სქესი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშიც აისახოს. პრობლემის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბეკერი აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და გეგმავს, რომ დოკუმენტური ფილმების დახმარებით გაზარდოს ცნობიერება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრების შესახებ.

“ტრანსგენდერი ადამიანები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და მეტი ყურადღება ახლა უკვე არა სამედიცინო მომსახურებას, არამედ მათ უფლებებს ექცევა. ჩემს ქვეყანაში ამ მხრივ სირთულეები დიდი ხანია აღარ არსებობს. ამიტომ ფილმის ჩვენებასთან ერთად, მგონია, რომ ჩემი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაც საინტერესოა” – ამბობს ბეკერი.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi კი გრძელდება. წელს ფესტივალი 25 ოქტომბერს დასრულდება.

როგორ ცხოვრობენ საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები – იხილეთ სტატია ნეტგაზეთის არქივიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი