ხელოვნება

”საბას” გავლენა ლიტერატურულ ცხოვრებაზე

12 ივლისი, 2012 • • 2429
”საბას” გავლენა ლიტერატურულ ცხოვრებაზე

”საბა” -ს დაჯილდოვება
”საბა”

ამის დასადგენად “ნეტგაზეთი” გამომცემლობების წარმოამდგენლებს და  “საბას”  რამდენიმე ლაურეატს გაესაუბრა.

ზრდის თუ არა ”საბას”  პრემია წიგნების გაყიდვას

შარშან ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი” თამთა მელაშვილი დაჯილდოვა რომანით “გათვლა”. გამარჯვებული წიგნი კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე გამომცემლობა “დიოგენემ” დაბეჭდა.

“დიოგენეს” წარმომადგენელი ნინო უკლება ამბობს, რომ “საბას” პრემიის შემდეგ “გათვლა” მეორედ გამოსცეს,  რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ”საბას” ნომინაციაში გამარჯვება წიგნის პოპულარობის გარანტია.  

”საბა”, რა თქმა უნდა, მოქმედებს გაყიდვებზე” , – ამბობს ის. მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის კონკურსი გავლენას ახდენს ლიტერატურულ პროცესებზე, წიგნების გაყიდვის რაოდენობაზე და მწერლის პოპულარობაზეც.

გამომცემლობები წიგნების ტირაჟების და გაყიდვების მაჩვენებლებს არ ასაჯაროებენ, რაც ართულებს გავლენის გაზომვის შესაძლებლობებს.

მაგალითად, გამომცემლობა ”დიოგენეში”  აცხადებენ, რომ კომერციულ საიდუმლოებას წარმოედგენს ის, თუ  რა ტირაჟით გამოიცა ”გათვლა” – შესაბამისად, იმის დადგენაც შეუძებელი გახდა, თუ როგორი გავლენა იქონია და რამდენად გაზარდა ”საბამ”  გამომცემლობისა და ავტორის შემოსავლები.  

წიგნის გამომცემლობა ”სიესტას” აღმასრულებელი დირექტორი ელისაბედ ჯიჯავაძე განმარტავს, რომ თუ წიგნი ”საბას” პრემიას იღებს, იგი განსაკუთრებით წარმატებულია:

”საბამდე”  წიგნის გაყიდვები ცოტაა, თუმცა თუ ეს წიგნი პრემიას იღებს,  ძალიან წარმატებული ხდება. ”საბა” ავტორის პოპულარობაზეც მოქმედებს, მას ყველა ელოდება”.

”დიოგენესა” და ”სიესტასაგან” განსხვავებული პოზიცია აქვთ ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში”, რომელთა გამოცემული წიგნები: ”ობოლე” [ავტორი: აკა მორჩილაძე] და ”გასაბერი ანგელოზი”[ავტორი: ზაზა ბურჭულაძე] – წლევანდელი ”საბას” საუკეთესო რომანის კატეგორიაშია  წარდგენილი.

”ბაკურ სულაკაურის” აღმასრულებელი დირექტორი თინა მამულაშვილი განმარტავს, რომ ”საბას” პრემიის მოპოვებას არანაირი გავლენა არა აქვს წიგნის გაყიდვაზე.

”ის, რომ წიგნი საბას პრემიას მოიპოვებს, ეს არ არის მისი გაყიდვების ზრდის გარანტი. ეს ზოგადად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგადაა დაწერილი და მანამდე  რამდენად კარგად პიარდება წიგნი. მსოფლიოში ნებისმიერი ავტორის წიგნის გაყიდვების რაოდენობა დრამატულად იზრდება, როგორც კი მწერალი რომელმე პრესტიჟულ პრემიას მიიღებს, თუმცა საქართველოში ეს ასე არ ხდება,” – ამბობს თინა მამულაშვილი.  

”ბაკულ სულაკაურის გამომცემლობაში”,   სხვა გამომცემლობების მსგავსად, ამბობენ, რომ  წიგნის გაყიდვების სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა, სხვა გამომცემლობეისგან განსხვავებით, ასახელებენ  ტირაჟს, რომლითაც ”საბაზე” წარდგენილი წიგნი დაიბეჭდა.

”წელს საბაზე წარდგენილი აკა მორჩილაძის წიგნი 1000-იანი ტირაჟით გვაქვს დაბეჭდილი იმიტომ, რომ მორჩილაძე პოპულარული მწერალია და ველით, რომ მისი წიგნები გაიყიდება. მაგალითად, აკა მორჩილაძის პირველი წიგნი, რომელიც დიდი ხნის წინ დავბეჭდეთ, მისი ტირაჟი 300 ცალი იყო. თუ ამ ავტორის ძველ და ახალ გამოცემას შევადარებთ, განსხვავება არის, თუმცა ზოგადად ”საბა” წიგნების გაყიდვების კატალიზატორი არ არის და არც დამატებითი შემოსავლის წყაროა ავტორებისთვის და გამომცემლობისთვის,” – ამბობს თინა მამულაშვილი.

”საბა” 2012-ზე წლის საუკეთესო თარგმანის კატეგორიაში ნომინირებული არისტოფანეს “კომედიების” მეოთხე ტომი  გამომცემლობა ”ლოგოს პრესმა” გამოსცა.

”ლოგოს პრესის” დამფუძნებელის და დირექტორის ლაშა ბერაიას განმარტებით, მოუხედავად იმისა, რომ არისტოფანეს “კომედიების”  წინა სამი ტომი ასევე ნომინირებული იყო  ”საბაზე”,  ამით მათი გაყიდვების რაოდენობა არ გაზრდილა. ასევე არ გაზრდილა მოთხოვნა ”საბას”  ლაურეატი ავტორის, ზაზა შათირიშვილის წიგნზეც.  

”არისტოფანეს “კომედიები” ისეთი წიგნი არ არის, რომ ძალიან დიდი ტირაჟით გაიყიდოს. ამ დროისთვის  წიგნის ტირაჟი 200 – დან 300 – მდე მერყეობს. ძალიან მცირეა იმ წიგნების რაოდენობა, რომელიც გამომცემლობას და ავტორს მოგებას აძლევს, საქართველოს ბაზარი არ არის ისეთი დიდი, რომ გამომცემლობამ გაყიდული წიგნების რაოდენობით იარსებოს. სამწუხაროდ, კითხვის კულტურა საქართველოში ძალიან დაბალია,” – ამბობს ლაშა ბერაია.

”საბა” – როგორც სოციალურ-ეკონომიკური დახმარება და პოპულარობის ზრდის გარანტი
 
ლიტერატურული პრემია საბას საპრიზო ფონდი, რომელიც თი-ბი-სი ბანკმა დააწესა, 40 ათასი ლარია. რვა კატეგორიაში გამარჯვებულები ჯილდოდ 4 ათას ლარს მიიღებენ, ხოლო მეცხრე ნომიანციაში – ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდოს მფლობელი 8 ათასი ლარით დაჯილდოვდება.

მწერალი ნაირა გელაშვილი, რომელიც ”საბას” პრემიის ლაურეატია,  ამბობს, რომ ”საბას” მწერლებისთვის ეკონომიკური დახმარების ფორმა აქვს და მის პოპულარობას ზრდის.

”საბას”  მწერლისთვის ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს ფინანსური კუთხით.  ხშირად იგი სოციალური დახმარების ფორმას იღებს, ვინაიდან დღეს საქართველოში მწერლები ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ფენაა. ხანდახან ”საბას” ჟიური პრემიებს ავტორების სოციალური სიდუხჭირითაც კი ანაწილებს,” – განმარტავს მწერალი ნაირა გელაშვილი.

მისივე თქმით, ლიტერატურულ კონკურს “საბაში” წარმატებას მწერლისთვის პოპულარობა მოაქვს –  იზრდება გაყიდვების რაოდენობა, თუმა ეს ”გაზრდილი” თანხა  მიზერულია.

ლაშა ბუღაძის რომანმა ”ვიდრე მთავარ გმირს ეძინა” 2007 წელს წლის საუკეთესო რომანის პრემია მიიღო “საბას” დაჯილოებაზე. წიგნი შემდგომ გამომცემლობა ”პარნასის”  სპეცალური ჯილდოთი აღინიშნა, როგორც წლის საუკეთესო ბესტსელერი. ბუღაძე მიიჩნევს, რომ ლიტერატურულ კონკურსში “საბა” გამარჯვება დამატებით ეკონომიკური შემოსავლის და პოპულარობის წყაროა:  

 ”საბას” პრემია და შემდგომ “პარნასის” ფინანსური ჯილდო, რომელიც ჩემს წიგნს, როგორც ბესტსელერს ერგო, ჩემს შემოსავლებზე ნამდვილად დადებითად აისახა. ასევე ”საბაში” 2009 წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში გამარჯვების მერე თეატრებმა დაიწყეს ჩემი პიესების დადგმა. პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრემია ჩემთვის ნამდვილად წარმატებული იყო, ” – განმარტავს მწერალი.

მწერალი ასევე ამბობს,  რომ ”საბამ” მისი, როგორც მწერლის, პოპულარობა გაზარდა.  

”საბა”, ეს ისეთი პრემიაა, რომელიც ახდენს მწერლის და არა პერსონის პოპულარიზებას. შეიძლება ბევრი ადამიანი მიცნობდეს, მაგრამ ჩემი წიგნი არ ჰქონდეს წაკითხული. ”საბა” სწორედ მწერლის და ტექსტების ირგვლივ კონცენტრირდება და არა სახელებზე და გვარებზე,” – ამბობს ლაშა ბუღაძე.

სანამ ”საბას” წლის დებიუტანტი  არ გახდა,  თამთა მელაშვილს მკითხველთა მხოლოდ ვიწრო წრე იცნობდა. დღეს მისი წიგნის სახელი ”გათვლა” ყველასათვის კარგად ნაცნობია. წიგნზე განსაკუთრებული მოთხოვნის გამო გამომცემლობა “დიოგენემ” იგი მეორე ტირაჟითაც გამოსცა, თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ საბას მისი ეკონომიკური კეთილდღეობა არ გაუუმჯობესებია.

”იყო პრიზი, რომელიც ”საბაზე” გადმომეცა, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან კარგი. მაგრამ შემდგომ უკვე ის, რომ ჩემი წიგნის გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა  და აქედან მე რაიმე დამატებითი ფინანსები მივიღე,  არ მქონია.  უფრო სწორად, იყო, თუმცა ეს არის ძალიან მიზერული თანხა, გაყიდული წიგნების 10-15%. თუმცა ”საბამ” განსაკუთრებით გაზარდა ჩემი, როგორც მწერლის პოპულარობა,” – ამბობს მწერალი თამთა მელაშვილი.

საქართველოს გამომცემლობები მწერლებს სტანდარტულად თითქმის ერთსა და იმავე საკონტრაქტო პირობებს სთავაზობენ, რომლის მიხედითაც მწერალი გაყიდული წიგნების 10-15% იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებსაც, რომ წიგნების ტირაჟი 300– დან 1000 ცალამდე, ხოლო ფასი 5 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს, გაყიდული წიგნების შემოსავლიდან მიღებული თანხა მთელი წლის მანძილზე მწელისათვის დაახლოებით  500 – 700 ლარია.

ლიტერატურულ პრემია “საბას” 2011 წლის გამარჯვებულები დღეს, 12 ივლისს გახდება ცნობილი. დაჯილდოვების ცერემონია  შოთა რუსთაველი სახელობის თეატრში გაიმართება. ეს  “საბას” რიგით მეათე დაჯილდოვებაა. პრემია საქართველოში ლიტერატურის დარგში გაცემული ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი