დღეიდან სამი დღის განმავლობაში ეროვნულ საკონცერტო დარბაზში თანამედროვე პროფესიული მუსიკის ფესტივალი – “კონტრაპუნქტი” გაიმართება.
ფესტივალი 2007 წელს ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით დაარსდა და წელს მეოთხედ ტარდება.
ფესტივალის კონცეფციის თანახმად, მისი პროგრამა ერთი ქართველი და ერთი მისი თანამედროვე უცხოელი კომპოზიტორის ნაწარმოების ერთად შესრულების საშუალებას უნდა იძლეოდეს. წინა წლებში ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებად სულხან ნასიძისა და ალფრედ შნიტკეს, ნოდარ მამისაშვილისა და არვო პიარტის, ნათელა სვანიძისა და ფრანგიზ ალიზადეს ნაწარმოებებისგან შედგენილი საფესტივალო პროგრამის მოსმენის საშუალება ჰქონდა თბილისელ მსმენელს, წელს კი კლასიკური მუსიკის მოყვარულები ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის, მიხეილ შუღლიაშვილის 3 ნაწარმოებს და უნგრელი კომპოზიტორის გიორგ ლიგეტის კომპოზიციებს მოისმენენ. საფესტივალო პროგრამა იმითაა განსაკუთრებული, რომ თბილისში პირველად სრულდება როგორც შუღლიაშვილის ეს ნაწარმოებები, ასევე ლიგეტის მუსიკა.
ფესტივალში მონაწილეობენ: ირაკლი ავალიანი, მედეა ალთუნაშვილი, რევაზ თავაძე, ნინო კასრაძე, თამარ კორძაია, ნინო ჟვანია (ფორტეპიანო), მარიანა ასრიევა, თამარ ბულია, ნინო შამუგია, გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო), გიორგი ცაგარელი, ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ხელაია, გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), იულიან ბელი (დასარტყამი ინსტრუმენტები). საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი. ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.
სპეციალურად “კონტრაპუნქტში” მონაწილეობის მისაღებად თბილისს ეწვია გამოჩენილი დირიჟორი ჟლოტ ნაგი.
გარდა საკონცერტო პროგრამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ლექცია კომპოზიტორთა შემოქმედებაზე. ევგენი მიქელაძის ხელოვნების ეროვნული ცენტრის მისაღების საგამოფენო სივრცეში კი გაიმართება გოა გოგატიშვილის ფოტოგამოფენა.
ფესტივალი დღეს, 19:30-ზე იხსნება. 28 და 29 მარტს კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
30 მარტს ფესტივალის დახურვის ბილეთების შეძენა მიქელაძის ცენტრის სალაროშია შესაძლებელი.