ახალციხის ისტორიული უბნის, რაბათის რეაბილიტაცია 2013 წელს უნდა დასრულდეს.
რაბათი სარეაბილიტაციო არეალად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, 2011 წლის აგვისტოში გამოცხადდა. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს შვიდ ქუჩას, მათ შორისაა ციხისძირის ქუჩა.
ციალა შავაძე ახალციხეში, ციხისძირის ქ. #6-ში ცხოვრობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა მის საცხოვრებელ სახლსაც უტარდება, ისევე როგორც სხვა სახლებს, რომლებიც ამ ქუჩაზეა განთავსებული:
“ძალიან ძველი და შესაკეთებელი იყო ჩემი სახლი, მაგრამ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ გაგვეკეთებინა და ალბათ, ვერც ვინატრებდით, რომ ასეთი პროექტი იქნებოდა და შეგვეხებოდა. ძალიან მიხარია, რომ ალამაზებენ და აკეთებენ ჩემს სახლს”, – ამბობს ციალა შავაძე.
ვალია ვარდანიძეს, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, გამოზამთრება აცტოფარეხში მოუხდა. აქლაც იქ უწევს ცხოვრება, რადგან მის საცხოვრებელ სახლს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ზუსტად არ იცის, რა იერსახეს მიიღებს მისი სახლი რესტავრაციის შემდეგ:
“თავიდან ამბობდნენ, გარედან შეკეთდება და შიგნით არაფერი შეიცვლებაო. ახლა მოვიდნენ და გვითხრეს, რომ “პერეგაროდკებს” გავაკეთებთო. ეტყობა, დაავალეს ან გამგეობამ, ან იმათ… სახლს დაადგეს მესამე სართული, ერთი ოთახი ზემოდან, აივანი, ალბათ, ღია იქნება, ჯერ არაა დამთავრებული და არ ვიცი.”
რესტავრირებულ საცხოვრებელ სახლებს მოჩუქურთმებული ხის აივნები ექნება. თუმცა, კერძო სახლების გარდა, მთავარი სარეაბილიტაციო სამუშაოები რაბათის ციხის ტერიტორიაზე ხორციელდება.
რაბათის ციხის ტერიტორია შვიდ ჰექტარს მოიცავს, სადაც ქართული, თურქული, რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება. ამჯერად მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების მიწისგან გასუფთავება. ციხეს პირვანდელი სახე უნდა დაუბრნდეს, ამიტომაც ბოლო წლებში აშენებული შენონები პირწმინდად დაანგრიეს.
რაბათის ციხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ჰოსპიტალი, რომლის ტერიტორიაზე ახლა ამფითეატრი, მუზეუმი, რესტორნები, კაფეები, კარიბჭიდან ხელმარცხნივ კი, მარანი გაკეთდება.
რაბათის ციხის ტერიტორიაზე შესასვლელის რესტავრაციაც უკვე დაწყებულია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქვედა ციხიდან მდინარე ფოცხოვთან დამაკავშირებელ გვირაბზეც. ციხეს გარშემო ორი მეტრი სისქის გალავანი შემოევლება და მასზე სასეირნო ბილიკები გაკეთდება.
რემონტდება 1752 წელს აგებული მეჩეთიც, მინარეთიც და მედრესეც.
ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ერთმანეთის გვერდით დგას წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია.
ახალციხის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, სწორედ რაბათიდან იწყება.
“რაბათის უბანში ვარ დაბადებული და ძალიან მიხარია და მომწონს ეს ახალი პროექტი. რეაბილიტაციის შემდეგ განახლებულ სახეს მიიღებს რაბათის უბანი, რომლითაც ტურისტებსაც მიიზიდავს და ჩვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ძალიან სასიამოვნო იქნება ეს”, – ამბობს ახალციხის მკვიდრი ჰაიკანუშ მეითარჯიანი.
“რაბათი ჩვენი სიამაყეა,” – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.
რაბათის უბნის რესტავრაციისთვის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 817 000 ლარია გამოყოფილი, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი– 9 მილიონი ლარი.