ალტერვიჟენ ჯგუფი ნიუქამერების ახალი ტალღის შერჩევას იწყებს. კონკურსის რჩეული ბენდი თბილისი ოუფენ ეარის მთავარ სცენაზე დადგება.
დაინტერესებულ მუსიკოსებს საშუალება ექნებათ 5 ივნისის ჩათვლით შეავსონ შესაბამისი აპლიკაცია. პირველადი გადარჩევის შემდეგ ალტერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერები მუსიკოსებს შოუქეისზე მოუსმენენ. კონკურსის ორგანიზატორთა თქმით, შოუქეისისთვის შერჩეულ არტისტებს პროექტის ბოლოს ექნებათ პორთველი, პროფესიონალური ჩანაწერი და ფოტო/ვიდეო. ამის შემდეგ მათი ლაივ-პერფორმანსი განთავსდება ინტერნეტსივრცეში, სადაც მსმენელი შეარჩევს კონკურსის საუკეთესო ორ მონაწილეს. მათგან ერთი მთავარ სცენაზე დაუკრავს, მეორე – ღამის სცენაზე.
წელს მუსიკალური ფესტივალი თბილისი ოუფენ ეარ 29, 30 და 31 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიოტრიაზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება.
სამდღიან ფესტივალზე 4 მუსიკალური სცენა განთავსდება. დღის განმავლობაში იმუშავებს ორი სცენა – LTFR (სცენა, რომელზეც ძირითადად ჰიპ-ჰოპ არტისტები მოიყრიან თავს) და Pirate Bay (სცენა, სადაც ძირითადად ტრანსი და EDM მუსიკა დაიკვრება).
საღამოს 6 საათიდან ჩაირთვება მთავარი სცენა, ე.წ. (Main Stage), სადაც სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი დაუკრავს. როგორიცაა: AIR, MORCHEEBA, DAMIEN RICE, TRICKY, STEVE VAI, BLUE FOUNDATION და სხვა.
მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ღამის სცენა, რომელზეც ქართველ ელექტრონულ მუსიკოსებთან ერთად დაუკრავენ MOODYMAN, PACO OSUNA, DENSE&PIKA და სხვა.
“ქვეყნის მომავალს მეტწილად განსაზღვრავს მისი კულტურული განვითარება. მსგავსი ფესტივალები კი სწორედ ამ პროცესს უწყობს ხელს. გვინდა, რომ ყველა მაქსიმალურად ჩაერთოდ ამ ფესტივალის სამზადისშიც და ეს არის მხოლოდ ცალმხრივი ძალისხმევა,” – ამბობს მუსიკოსი ერეკლე დეისაძე.