ახალი ამბები

მედიის წარმომადგენლების ნაწილს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ

27 თებერვალი, 2023 • 816
მედიის წარმომადგენლების ნაწილს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ

მედიის წარმომადგენლების ნაწილს, რომლებზეც საშვია გაცემული, პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.

საუბარია ნებართვებზე, რომლებიც დეპუტატებმა დაუშვეს ჟურნალისტებზე, რადგან თავად საკანონმდებლო ორგანო ზღუდავს ერთი მედიაორგანიზაციიდან ორზე მეტი წარმომადგენლის შენობაში შესვლას. დაცვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შეზღუდვა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დაწესდა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლამდე ჩხრეკენ და მათ ნაწილს ართმევენ საპროტესტო მესიჯების შემცველ თაბახის ფურცლებს.

პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრალამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის შენობა არაა ადგილი, სადაც დაშვებულია აქციის გამართვა და ის დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებზე საშვები დაუშვეს:

„ბატონმა ალეკომ თქვა, რომ მას აქვს კატეგორიული პროტესტი, მის მიერ დაშვებული საშვით ხალხი რომ ვერ შემოვიდა პარლამენტში. პირიქით, მე მაქვს კატეგორიული პროტესტი მის მიმართ და სხვა კოლეგების მიმართ, როდესაც ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვთ მინიჭებული და ეძლევათ შესაძლებლობა, შემოუშვან სტუმრები თავისთან.

ჩვენ ვნახეთ, რომ წინა შემთხვევაშიც, ბიუროს სხდომასთან როდესაც იყო გარკვეული აქციასავით მოწყობილი, მაშინაც დეპუტატებმა დაუშვეს და შემოუშვეს სხვადასხვა პირები იმისათვის, რომ აქცია მოეწყოთ პარლამენტის შენობაში. პარლამენტის შენობა, როგორც ადმინისტრაციული შენობა, არაა ის ადგილი, სადაც დაშვებულია შეკრება და აქციის გამართვა.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ყველას შეუძლია, თუკი რაიმე საკითხის მიმართ აქვს პროტესტი, ეს გამოხატონ, მაგრამ როდესაც ეს ხდება შენობაში და საქმიანობას ეშლება ხელი, არაა დასაშვები“, — ამბობს შალვა პაპუაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ახალი, კიდევ უფრო გაუარესებული ვერსია შექმნეს კანონპროექტისა, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ დღეს, 27 თებერვალს უნდა დაარეგისტრიროს.

მსგავსი კანონი რუსეთის ფედერაციაში 2012 წელსაც მიიღეს და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, ქვეყანაში პრაქტიკულად არ დარჩა ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაციაც კი.

„უცხოეთის გავლენის აგენტებზე“კანონპროექტის გაუარესებული ვერსია ნეტგაზეთმა მოიპოვა. პარლამენტის ბიურო აღნიშნულ დოკუმენტს ორშაბათს, 27 თებერვალს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გაუარესებული ვერსიის წარდგენა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პირველმა ვერსიამ მედიის ნაწილისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია. ასევე, ევროკავშირმა ღიად განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით პირდაპირ დაირღვევა იმ 12 პუნქტიდან მინიმუმ 2, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას „კეთილსინდისიერად“ ეწევა. თუმცა გაურკვეველია, კანონპროექტის ავტორები რას იგულისხმებენ „კეთილსინდისიერ“ საქმიანობაში.

კანონპროექტი ასევე არ შეეხება უცხოური ძალის ადვოკატს, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს, ასევე, ოფიციალურად რეგისტრირებულ ლობისტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნილი კანონპროექტის გაუარესებული ვერსიით ყველა დანარჩენი პირი ვალდებულია, „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

რეგისტრაციისას „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრირებულმა პირმა უნდა მიუთითოს:

  • ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ;
  • ინფორმაცია დამფუძნებლებისა და მეწილეების შესახებ იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა;
  • ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, „რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს“;
    შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;
  • ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის რეპრესიული კანონპროექტი აწესებს, ზემოთ დასახელებული ნებისმიერი ინფორმაცია იქნება საჯარო და მისი გასაჯაროების წესს გენერალური პროკურორი გადაწყვეტს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის მიხედვით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.“

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ის „არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.“

დოკუმენტის ავტორები არიან: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ ისინი განიხილავენ როგორც პირველ, ისე მის მეორე, უფრო რეპრესიულ ვარიანტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი