ახალი ამბები

კორძაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა დატოვა – “ეს არის ძალადობა პარლამენტზე”

29 აპრილი, 2014 • • 1213
კორძაიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა დატოვა – “ეს არის ძალადობა პარლამენტზე”

განხილვაზე დეპუტატებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და გიორგი ახვლედიანი იმყოფებიან. დებატები ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.


ერთ-ერთმა  სასულიერო პირმა იკითხა, თუ ვინ მოსთხოვა პასუხი თამარ კორძაიას, როცა მან განაცხადა, რომ პატრიარქს მანდატი სურს. აღნიშნული კითხვის საპასუხოდ კორძაიამ განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაში მონაწილე სასულიერო პირებზე ნამდვილად ექმნება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში მანდატი სურთ. რასაც ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თამარ კორძაია საკურთხეველთან იდგა და სპეკულირებდა. 

 

“ამ დარბაზში ხდება ის, რომ თქვენ პირდაპირ ჩემს დასჯას ითხოვთ. თუ თქვენ ამ დარბაზში ჩემი ყოფნა გაღიზიანებთ, მე ამ დარბაზს დავტოვებ თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, ეს არის ძალადობა პარლამენტზე და ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, მიუღებელია”, – განაცხადა კორძაიამ.

 

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდლები. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი