ახალი ამბები

თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტიები საარჩევნო ბარიერზე ვერ თანხმდებიან

20 იანვარი, 2014 • • 1437
თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტიები საარჩევნო ბარიერზე ვერ თანხმდებიან

შეხვედრას ინტერფრაცქციული ჯგუფის წევრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრება. შეხვედრაზე ასევე იმყოფება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე. მისი თქმით, შეხვედრაზე ერთ–ერთი მთავარი თემა იქნება საარჩევნო ბარიერის საკითხი. თბილისის მერის არჩევნებში ბარიერი 30 პროცენტს შეადგენს, უმრავლესობას კი ბარიერის 40 პროცენტამდე გაზრდა სურს.


მამუკა კაციტაძე მხარს უჭერს, რომ ეს ბარიერი 50 პროცენტამდე გაიზარდოს. ის ამ საკითხზე საუბარს დღევანდელ შეხვედრაზეც აპირებს:

უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013
უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013

“ბუნებრივია, დადგება ბარიერის თემაც. ჩვენ ვსვამთ იმ საკითხს, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ისმეოდა ხოლმე ოპოზიციის მხრიდან. ვინც ოპოზიციაში არის ხოლმე, ამას ეთანხმება, მაგრამ როცა ხელისუფლებაში გადადის, შემდეგ ივიწყებს. ეს არის ის, რომ უმრავლესობამ უნდა მართოს უმცირესობა. 50 პროცენტს +1 ნიშნავს იმას, რომ ვარ უმრავლესობაში და, შესაბამისად, უნდა ავიღო უპირატესობა უმცირესობაზე. ხოლო როცა მაქვს 33 ან 40 პროცენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარ უმცირესობაში, მაგრამ მაქვს სურვილი ვმართო უმრავლესობა. როგორც ჩანს, ეს არის ამ უმრავლესობის სურვილი, მორგებული საკუთარ რეიტინგზე” – აცხადებს მამუკა კაციტაძე.


მის მოსაზრებას არ ეთანხმება დეპუტატი ეკა ბესელია: “არავის არ ვარგებთ არავითარ ბარიერს და, მე მგონი, არ არის ამაზე საუბარი სერიოზული. ვისაუბროთ იმაზე, რომ გვინდა კონსენსუსის მიღწევა და გვინდა უფრო მაღალი იყოს ბარიერი. ამიტომ ბარიერის რა ნიშნულზეც მოხდება შეჯერება, ეს იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების”.

 

ბესელიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ბარიერის გარდა სხვა ცვლილებების შეტანაც არის დაგეგმილი, რომელიც პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა და რომლის ავტორიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაა:


“ბევრი საკითხია. ეს ეხება წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურას, სიების საკითხს. კიდევ იქნება მცდელობა დისკუსიის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდეს ბარიერის ნიშნულთან დაკავშირებით.”


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ  საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ინიციარება თებერვლის თვემდე უნდა განხორციელდეს.


მისი თქმით, თებერვლის დასაწყისში პარლამენტი დაიწყებს ამ საკითხების განხილვას და თვის ბოლოს საარჩევნო კანონმდებლობაში ყველა ცვლილება უკვე ასახული უნდა იყოს: “ამით ჩვენ ვერ ვასრულებთ დაპირებულ სიტყვას, რომ არჩევნებამდე ყველა საკითხი უფრო ადრე გადაწყდებოდა საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ვთვლით, რომ ეს ჩვენი ნაკლია. ამ შემთხვევაში პარლამენტის სახელით ვამბობ. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილების არ მიღება იმ მოტივით, რომ სასურველზე ნაკლები დროა დარჩენილი და ეს უფრო უარესი გადაწყვეტილება იქნებოდა. მთლად ევროპულ სტანდარტებში ვერ ჩავჯექით დროის თვალსაზრისით, მაგრამ ქართული ტრადიციული სტანდარტებიდანაც ცოტა უკეთესობა გვაქვს. ანუ სადღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სტანდარტში ვართ, არც ქართული და არც ევროპული” – ამბობს უსუფაშვილი.   

 


  

მასალების გადაბეჭდვის წესი