სააპელაციო სასამართლომ 20 წლის ფეხბურთელი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი შეცვალა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას დაზარალებულის ადვოკატი და უფლებადამცველი ანა თავხელიძე ავრცელებს.
საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის, რომელიც საქართველოში არაერთ კომპანიას, მათ შორის იმ ქალთა საფეხბურთო კლუბს ფლობს, სადაც დაზარალებული თამაშობდა. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი გაუპატიურება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი სრულად გაამართლა, რის შემდეგაც პროკურატურამ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ანა თავხელიძის თქმით, პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დაზარალებული ქალი შეუძლოდ გახდა და ის სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, რის გამოც მხარემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსმენაც ვერ შეძლო.
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულმა გაუპატიურებიდან მალევე, რამდენიმე საათში მეგობრის დახმარებით მიმართა პოლიციას, თუმცა მთელი პროცესის განმავლობაში მიმდინარეობდა მცდელობა, რომ მას საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ თანხა აეღო:
„მთელი პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად იყო მცდელობა, რომ დაზარალებულს აეღო თანხა. მის მეგობართან ჰქონდათ კომუნიკაცია და ნახევარი მილიონი შესთავაზეს, რომ დაზარალებული დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას. პირადად ჩემთან იყო კომუნიკაცია, რომ თავად დაგვესახელებინა ნებისმიერი თანხა, ან საპროცესოზე იქნებით თანახმა, ფულს აიღებთ და ეს კაცი დატოვებს ციხეს, სასამართლოს ძალით დატოვებსო. საიდან და ვისგან ჰქონდათ ეს გარანტიები, ჩემთვის უცნობია“, — აცხადებდა ანა თავხელიძე საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას.
