20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უფლებადამცველი ანა თავხელიძე.
საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქე, 32 წლის მამაკაცზე, ბიზნესმენ, მეჰმეთ უიარიზე, რომელსაც საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებას ედავებოდნენ. ბიზნესმენი იმ კლუბს ფლობს, რომელშიც ქალი თამაშობდა.
მანამდე, მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი სრულად გაამართლა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სწორედ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა განაჩენი.
დაზარალებული ქალი, რომელიც იმ სხდომას ესწრებოდა, ცუდად გახდა და სასამართლოდან სასწრაფომ გადაიყვანა.
„ბრალდება იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაუპატიურების ჩადენა.
მაშინვე მიმართა დაზარალებულმა, მეგობრის მეშვეობით, პოლიციას, რამდენიმე საათში.
მთელი პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად იყო მცდელობა, რომ დაზარალებულს აეღო თანხა. მის მეგობართან ჰქონდათ კომუნიკაცია და ნახევარი მილიონი შესთავაზეს, რომ დაზარალებული დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას. პირადად ჩემთან იყო კომუნიკაცია, რომ თავად დაგვესახელებინა ნებისმიერი თანხა. ან საპროცესოზე იქნებით თანახმა, ფულს აიღებთ და ეს კაცი დატოვებს ციხეს, სასამართლოს ძალით დატოვებსო. საიდან და ვისგან ჰქონდათ ეს გარანტიები, ჩემთვის უცნობია.
მოსამართლე უბრალოდ გაქრა დარბაზიდან. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს დაზარალებულს. იმდენად ცუდად გახდა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ვეღარც მოვისმინეთ“, — ამბობს დაზარალებულის ადვოკატი, ანა თავხელიძე.
მეჰმეთ უიარი არაერთი კომპანიის მფლობელია, მათ შორის ქალთა საფეხბურთო კლუბის საქართველოში, სადაც დაზარალებული ქალი თამაშობს.
