რუსეთთან ერთობლივი სათხილამურო კურორტის იდეას ოკუპირებულ აფხაზეთში არა მხოლოდ ეკონომიკური პერსპექტივის, არამედ ტერიტორიული დავის გამოც აკრიტიკებენ. აიბღის ტერიტორიის ნაწილი, რომლის განვითარებაზეც დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ისაუბრა, წლებია რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის საზღვრის გაურკვეველი მონაკვეთის ნაწილია. ამასთან, 2026 წლის მაისში წარდგენილი საკურორტო კონცეფციის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ აიბღის ქედზე, “კრასნაია პოლიანას” მოპირდაპირე მხარეს, მთელი წლის განმავლობაში მოქმედი სათხილამურო კურორტის შექმნა იგეგმება. მისი ხედვით, აფხაზეთისა და სოჭის კურორტები ერთმანეთს კონკურენციას კი არ უნდა უწევდნენ, არამედ ერთობლივად უნდა განვითარდნენ: ტურისტებს შეეძლებათ ჯერ კრასნაია პოლიანას ფერდობებზე ისრიალონ, შემდეგ კი აიბღის ფერდობებით ისარგებლონ.
„აქ კონკურენცია არ უნდა იყოს. პირიქით, ერთობლივ პროექტებზე უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა გუნბამ TASS-თან ინტერვიუში.
გუნბას თქმით, აიბღის ჩრდილოეთ ფერდობები სათხილამურო კურორტისთვის ხელსაყრელია, რადგან მზის პირდაპირი სხივები ნაკლებად ხვდება და თოვლის საფარი უფრო დიდხანს ნარჩუნდება. სწორედ ეს გარემოება შეიძლება გახდეს კურორტის უფრო ხანგრძლივი სეზონის საფუძველი.
თუმცა განცხადებამ აფხაზეთში მაშინვე გააჩინა კითხვები: ვის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს პროექტი, ვინ გააკონტროლებს მას და რა სამართლებრივი შეთანხმება უნდა დაედოს საფუძვლად რუსეთთან თანამშრომლობას?
სათხილამურო კურორტის შექმნის იდეა აფხაზეთში 2026 წლის მაისში გაჟღერდა. დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ 24 აპრილს განაცხადა, რომ პროექტი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო კომპანია „კავკაზ.რფ“-თან თანამშრომლობით მუშავდებოდა. კონცეფცია კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე უნდა წარედგინათ.
მიქვაბიას თქმით, აფხაზურმა მხარემ კურორტის შესაძლო ადგილმდებარეობისთვის რამდენიმე ტერიტორია შეარჩია: კოდორის ხეობა, ტყვარჩელის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი, გუდაუთისა და გაგრის რაიონები. რუსეთის მხარის მიერ ჩატარებული სამუშაოს შემდეგ კი წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც საინვესტიციო პროექტის გაგრის რაიონში შექმნას ითვალისწინებდა.
5 მაისს დე ფაქტო მინისტრმა პროექტის სავარაუდო მასშტაბებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კონცეფცია 200 კილომეტრზე მეტი სათხილამურო ტრასის, 6 000 სასტუმრო ნომრისა და 70 კილომეტრზე მეტი გზის მოწყობას ითვალისწინებდა. მიქვაბიას წინასწარი შეფასებით, კურორტს დაახლოებით 6 000 სამუშაო ადგილის შექმნა და აფხაზეთის მთლიან შიდა პროდუქტში 25%-იანი წვლილის შეტანა შეეძლო.
თუმცა მან იქვე განმარტა, რომ პროექტი ჯერ საწყის ეტაპზე იყო: საპროექტო დოკუმენტაცია არ არსებობდა, კურორტის ზუსტი ადგილი შერჩეული არ იყო და კონცეფციას მნიშვნელოვანი დამუშავება სჭირდებოდა. მაისის განცხადებაში ოთხი რაიონი განიხილებოდა – გულრიფშის, ტყვარჩელის, გაგრისა და გუდაუთის.
რამდენიმე თვეში, ნოემბერში კი გუნბამ უკვე კონკრეტულად აიბღის ქედი დაასახელა და კურორტის განვითარება კრასნაია პოლიანასთან თანამშრომლობის კონტექსტში განიხილა. თუმცა, უცნობია, ეხება თუ არა ეს ორივე, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადება ერთსა და იმავე პროექტს.
აიბღა – ტერიტორია, რომლის კუთვნილებაზეც შეთანხმება ვერ შედგა
აიბღა, რომელიც კრასნაია პოლიანას მოპირდაპირედ მდებარეობს, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ტერიტორიული დავის საგანია. JAMnews-ის 18 ნოემბრის მასალის თანახმად, სადავო მთიანი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 160 კვადრატული კილომეტრია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ნაწილი რუსეთის, ნაწილი კი აფხაზეთის მხარეს აღმოჩნდა; მდინარე ფსოუ ამ მონაკვეთზე ფაქტობრივ გამყოფ ხაზად მიიჩნევა, თუმცა საზღვარი სამართლებრივად სრულად დელიმიტირებული არ არის.
საკითხის მოგვარებას 2010 წელს დაწყებული რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი კომისია ცდილობდა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და შავი ზღვის აკვატორიის გამიჯვნაზე მუშაობდა.
2011 წლის 10 ნოემბერს, კომისიის მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ, აფხაზურმა მხარემ რუსეთს წარუდგინა დოკუმენტი სახელწოდებით „აფხაზეთის რესპუბლიკის კომისიის არგუმენტაცია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ“. დოკუმენტში აფხაზური მხარე ამტკიცებდა, რომ მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროზე მდებარე აიბღის ნაწილი აფხაზეთს ეკუთვნოდა.
გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ 2011 წლის 11 ნოემბრის ცნობით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ აიბღის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთში საზღვრის ხაზის დაზუსტება აუცილებელი იყო. შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებების გაგრძელება გადაწყდა.
სამი წლის შემდეგ, 2014 წლის 21 ნოემბერს, საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტშიც განიხილეს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, დეპუტატმა და დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარემ ვალერი კვარჩიამ პარლამენტარებს 2011 წლის შეხვედრის ოქმის მეორე პუნქტი გააცნო. მისი განმარტებით, აფხაზურმა მხარემ რუსეთს აიბღის ნაწილის კუთვნილების დასადასტურებლად არგუმენტები წარუდგინა, ხოლო საზღვრის დაზუსტებამდე ამ ტერიტორიაზე წესრიგსა და მიმდინარე საკითხებზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ჰქონდა.
აიბღის გარშემო დაპირისპირება მხოლოდ საზღვრის დელიმიტაციის საკითხით არ შემოიფარგლება. 2021 წლის ივნისში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა აიბღის ადმინისტრაციული მართვა საკუთარ სისტემაში მოაქცია.
DRI-ის ცნობით, 2021 წლის მაისში აიბღა კრასნოდარის მხარის ადლერის რაიონის ნიჟნიაია შილოვკის სასოფლო ოლქის ერთ-ერთ სოფლად აღირიცხა, ხოლო სოფლის მართვა კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ზედამხედველობას დაექვემდებარა. ორგანიზაციამ ეს რუსეთის მხრიდან აიბღის ანექსიის ოფიციალურ გაფორმებად შეაფასა.
„ეკონომიკური განვითარება სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“
გუნბას განცხადებას აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა. ყოფილი დე ფაქტო დეპუტატი ილია გუნია საკითხს არა მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, არამედ ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო კონტროლის ჭრილში განიხილავს.
JAMnews-თან გამოქვეყნებულ მის მოსაზრებაში გუნია წერს, რომ ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას მხარს უჭერს, თუმცა აიბღის სტატუსის გაურკვევლობა პროექტის განხორციელებას პოლიტიკურ რისკებს უქმნის.
გუნიას აზრით, სანამ საზღვრის საკითხი სამართლებრივად არ გადაწყდება, ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება დაუშვებელია.
„ეკონომიკური განვითარება აუცილებელია, მაგრამ ის სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“, – ასეთია მისი პოზიციის მთავარი გზავნილი.
გარემოსდაცვითი კითხვებიც
პროექტის მიმართ შეშფოთება ჯერ კიდევ მაისში გამოითქვა. აფხაზური ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა თემურ გულიამ გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსხვილმასშტაბიანმა მშენებლობამ შესაძლოა მთის ეკოსისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
გულიას თქმით, მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს ტყის გაჩეხვა, იშვიათი სახეობების ბუნებრივი ჰაბიტატების დაზიანება, წყლის დაბინძურება და ნიადაგის ეროზია. მან ასევე ივარაუდა, რომ ტურისტული ნაკადის ზრდამ შესაძლოა გააძლიეროს ბრაკონიერობის საფრთხე.
გუნბას განმარტება: ჯერ მხოლოდ გეგმებია
სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ, 18 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის, გუნბას პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ “პრეზიდენტი აიბღას აფხაზეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტების მშენებლობის გეგმებს არ განიხილავს”.
პრესსამსახურის განმარტებით, საუბარია მხოლოდ გეგმებზე და კურორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში არ დაიწყება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს „არსებული საკითხების მოწესრიგება“.
პასუხგაუცემელი კითხვები
ამ დროისთვის აიბღის კურორტის საჯარო პროექტი და კონკრეტული სამშენებლო გეგმა არ არის. უცნობია მისი ზუსტი საზღვრები, დაფინანსების მოდელი, ინვესტორები, რუსული მხარის მონაწილეობა და ის, თუ ვინ განახორციელებს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლს. საჯაროდ არ გამოქვეყნებულა არც რუკა, რომელიც პროექტის არეალს სადავო მონაკვეთთან დააკავშირებდა.
