„ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე რომ დამთავრდეს სპეკულირებები, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, არის აბსოლუტური ტყუილი“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმე განიხილება.

პროცესზე, რომელიც მოსარჩელის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვების ეტაპზეა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მთელ რიგი კითხვების მოხსნა მოითხოვეს და პასუხებს თავი აარიდეს. მათ შორის, არ უპასუხეს, 6 აგვისტოს, უკვე იყო თუ არა მსხვერპლი; პუტინის განცხადების საფუძველზე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ რუსეთს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ომი და სხვა. თენგიზ შარმანაშვილმა, მაგალითად, უარი განაცხადა ეპასუხა, რომელი ქვეყნის ბაზაზე იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერის“ ნაწილები, თუმცა თქვა, რომ ის ქვეყანა დაეხმარა საქართველოს, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით.

„ქართული ოცნება“ წლებია ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალავდა ინფორმაციას და თავად „ძლივს მიაკვლია“ საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას — რუსული „ისკანდერის“ ნაწილებს. წითლიძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ ომის დროს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს გადასცა ექსპერტიზის ჩასატარებლად, რისი მიღება-ჩაბარების აქტებიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ის დაინტერესდა, 2012-18 წლებში, „ქართული ოცნების“ ორი თავდაცვის მინისტრისთვის როგორ შეიძლებოდა ეს უცნობი ყოფილიყო და სასამართლოსგან მოითხოვა, „ისკანდერის“ მიღება-ჩაბარების აქტების გამოთხოვა სამინისტროსგან და მტკიცებულების სახით გამოკვლევა.

„ქართული ოცნება“ ენმ-ს ასევე ედავება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის რეზოლუცია №1633-ის მხარდაჭერას. რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 თვეში მიღებულ რეზოლუციას მოქმედი ხელისუფლება პერიოდულად უბრუნდება პოლიტიკურ დისკუსიებში და საქართველოს დელეგაციის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერას ღალატად აფასებს. დისკუსიის ძირითადი ფოკუსია, რომ აღნიშნული რეზოლუცია აგვისტოს ომის დაწყებას და ომის შესაძლო დანაშაულებს საქართველოს აბრალებს. რეზოლუციით ასამბლეამ დაგმო ომის დაწყება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის და შედეგი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციად, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევად და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად შეაფასა. რეზოლუციის თანახმად, „ესკალაცია, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით გადავიდა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“.

რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა „ორივე მხარის მიერ“ ომის მიმდინარეობისას, ხოლო მის ფაქტობრივ კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს ეკისრება.

მოსამართლე ევა გოცირიძემ იკითხა, „ქართული ოცნების“ სამდურავი ენმ-ის მიმართ მხოლოდ ზემოაღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით ამოიწურება, თუ ომის პროვოცირებაში და რუსეთისთვის ომის დაწყებაში დახმარებასაც ედავებიან.

„ომის დაწყების შესახებ მსჯელობის კომპეტენცია არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს, არამედ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კონკრეტულად იმ დღეებში რა ხდებოდა, ამის [დადგენის] კომპეტენცია მეც არ მაქვსო“, — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის შექმნას, გორდულაძის თქმით, არის ფაქტები, რომლებიც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა.

ლევან ბეჟაშვილმა მიუთითა, რომ სარჩელის თავი არის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ და არა რეზოლუციის მხარდაჭერა.

გორდულაძემ არ უპასუხა კითხვას, სახელმწიფოს თუ არა, მაშინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს აბრალებს თუ არა „ოცნება“ ომის დაწყებას.

„ეს შეკითხვა არ შეეხება მიმდინარე სარჩელს და გთხოვთ მოიხსნას“, — თქვა გორდულაძემ, რაც პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გაითვალისწინა.

მოსამართლე ევა გოცირიძემ, თავის მხრივ, თქვა, რომ „სამართლებრივად არ აყენებენ ამ საკითხს“.

„2004-2008 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება სისტემატურად აწარმოებდა საომარ რიტორიკას, ავლენდა მილიტარისტულ მისწრაფებებს და ახორციელებდა კონფრონტაციულ ქმედებებსა და კონფლიქტის გაღვივებისკენ მიმართულ ღონისძიებებს… აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად“, — ვკითხულობთ „ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელში.

ამ თემაზე:

კობახიძის წიგნი VS “ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელი