ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირსა და სირიას შორის ახალი შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას ინარჩუნებს.

დე ფაქტო უწყების 17 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ კალასის პოზიცია „შეუსაბამო და რეალური ვითარების დამახინჯებულ აღქმაზეა დაფუძნებული“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ „სამხრეთ ოსეთი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რომელიც რუსეთის ფედერაციამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.

„ეს ფაქტია, რომლის იგნორირებაც საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ არ შეუძლია. სირიის არაბული რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი აღიარება პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებისკენ სწრაფვას ასახავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში მიუღებლად მიიჩნევენ სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის შეთანხმების პირობებთან დაკავშირებას, ასევე რეგიონის მიმართ ტერმინ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენებას.

„მსგავსი განცხადებები მხოლოდ აღრმავებს არსებულ უთანხმოებებს და კონსტრუქციული დიალოგის ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს“, – აცხადებენ ცხინვალში.

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, ცხინვალი სირიასთან და სხვა ქვეყნებთან საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს საქართველო „მკვეთრად ეწინააღმდეგება“.

უწყება ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შეფასებისას უფრო დაბალანსებული და ობიექტური მიდგომა გამოიყენოს და უარი თქვას „პოლიტიკური შანტაჟისა და სხვა ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების გადასინჯვის მცდელობებზე“.