პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) გმობს ჩვენი ჟურნალისტ გურამ როგავას სასამართლო სხდომებიდან ჩამოშორებას, რომელიც მასზე თავდასხმის საქმეს ეხება.
როგორც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გურამ როგავას საქმეში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა, დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები მაინც რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, გავრცელებული ინფორმაციით, მას არ მიეცა სხდომებზე დასწრების უფლება, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგავას განცხადებით, მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ვერსია თავდასხმის შესახებ ან სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ მიყენებული ზიანის თაობაზე.
როგავა, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო, 2024 წლის ნოემბერში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად მან სერიოზული დაზიანებები მიიღო, რასაც ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დასჭირდა.
12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული, პოლიციელი გურამ კირკიტაძე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და სამი წლის ვადით პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით დასაჯა. მიუხედავად ამისა, სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიცირებაზე და გამოძიების ეფექტიანობის მიმართულებით. როგავა ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ კირკიტაძე იყო ზუსტად ის პირი, რომელიც მას თავს დაესხა.
სავარაუდო დამნაშავე მაისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც თავად როგავამ და „ფორმულას“ გუნდმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და საჯაროდ დაასახელეს ის პოლიციელი, რომელიც, მათი აზრით, ამაზე იყო პასუხისმგებელი.
ეს საქმე კიდევ ერთი შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჟურნალისტებზე თავდასხმების მიმართ დაუსჯელობის ფართო მასშტაბებია, ხოლო პოლიციისა და სხვა აქტორების მხრიდან ჩადენილი ძალადობის აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.
საქართველოში დაუსჯელობის წრე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაირღვევა, თუ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. IPI კვლავაც მოითხოვს სრულ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას ყველა იმ ქართველი ჟურნალისტისთვის, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გამო გახდნენ თავდასხმის სამიზნე“, – ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.
2026 წლის 12 ნოემბერს ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა.
როგორც გურამ როგავა ნეტგაზეთთან ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ნოემბერს გამოტანილი ამ განაჩენის შესახებ ტელეფონით შეატყობინა საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ. დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტის თქმით, მანამდე პროკურატურას მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
გურამ როგავას ჰქონდა მოლოდინი, რომ განაჩენის გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულის სტატუსით გამოკითხავდნენ. თუმცა, მისთვის პროკურორის მიერ მიცემული განმარტების თანახმად, სასამართლომ და დაცვის მხარემ დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი უდავოდ მიიჩნიეს და ჟურნალისტის გამოკითხვა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
შესაბამისად, სპეცრაზმელს განაჩენი ისე გამოუტანა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, რომ სასამართლოს დაზარალებული არ გამოუკითხავს და მისი პოზიციით არ დაინტერესებულა.
განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა. გიორგი ნადირაძე საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.
გურამ როგავა საქმეში არსებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ე.წ. მტკიცებულებები რეალურად ცარიელი ფურცლებია. ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე.
როგავას თქმით, რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს. ეჭვს, რომ დაკავებული კირკიტაძე შესაძლოა რეალური თავდამსხმელი არ ყოფილიყო, ჟურნალისტი იმთავითვე ღიად აფიქსირებდა.
რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა და ცრუ აღიარების სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო.
სპეცრაზმელი გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში დაესხა თავს. მას სახის ძვლები გაუტყდა და დაუზიანდა კისრის მალები.
