მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც მინისტერიალს მართავს, მინისტრი უნდა იყოს მიწვეული და არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში არ განიხილება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართული მინისტერიალზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობდაა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია და არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ ეს შეხვედრები თუ სხვადასხვა ფორმატები სპეკულაციებისთვის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

„საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრა. შესაბამისად, მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ და არც არასდროს შეგვიწყვეტია ჩვენ ეს ევროკავშირთან და როდესაც ევროკავშირის მხარე იქნება მზად, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებზე შესაბამის დონეზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

16 ნოემბერს ბრიუსელში რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალი საწართველოს გარეშე გაიმართა.

შეხვედრაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე მიწვეული იყო ელჩის დონეზე, რადგან ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებული აქვს. ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნის მიუხედავად, თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია და შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებდა.