დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ დელბას განცხადებით, 2026 წელს რუსეთმა აფხაზეთს 7,5 მილიარდი რუბლის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც დაახლოებით 91 მილიონი აშშ დოლარია.

ამის შესახებ დელბამ „აფხაზურ ტელევიზიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლები 1,9 მილიარდი რუბლით გაიზარდა.

დელბას განცხადებით, მიუხედავად რთული წლისა, რომელიც საწვავის კრიზისითა და სტიქიური უბედურებებით იყო გამოწვეული, დე ფაქტო ხელისუფლებამ სოციალური ვალდებულებების შესრულება შეძლო.

ამასთან, დელბამ პრობლემად ექსპორტის შემცირება დაასახელა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ექსპორტი 400 მილიონი რუბლით შემცირდა.

მისივე თქმით, 10 თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 46 მილიარდიდან 53 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა, თუმცა ზრდა ძირითადად იმპორტზე მოდის. იმპორტი დაახლოებით 5 მილიარდი რუბლით გაიზარდა, მაშინ როცა ექსპორტი შემცირდა.