ეროვნული ბანკი სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულს სრულად ემიჯნება.
როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ნანა ყეინიშვილი მარტო მოქმედებდა.
სებ-ის განცხადებით, „ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე“, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.
„აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯი“ 2026 წლის თებერვალში გეგმიური შემოწმების შემდეგ დაჯარიმდა.
„შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
ამავე განცხადებაში ეროვნული ბანკი „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას აღწერს. სებ-ის განცხადებით,
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
„კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო“, – აცხადებს სებ-ი.
9 ოქტომბერს დილით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადება წინ უსწრებდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებას, რომლის თანახმად, ნანა ყეინიშვილი ითხოვდა ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს, კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
