ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მისი საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, „გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გამოძიება დაწყებულია ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე.
ეროვნული ბანკის განცხადებითვე, ვირტუალური აქტივების პროვაიდერი „ბიტექსჩეინჯი“ ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმური შემოწმების შედეგად.
ჯარიმის თანხას ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს, თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ითხოვდა ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს, კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
