რუსეთში, კალუგის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრზე. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი მეორე ასეთი თავდასხმაა.
კომპანიის პრესსამსახური BBC-ის ეუბნება, რომ დაზიანდა ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი, დაშავებული არავინაა.
„მონაცემთა ცენტრის რამდენიმე მოდული სრულად გამოვიდა მწყობრიდან. ამის გამო „იანდექსის“ სერვისების ნაწილმა შესაძლოა შეფერხებებით იმუშაოს. ზარალის სრული მასშტაბი ამჟამად ფასდება“, – განაცხადეს „იანდექსში“.
რაც შეეხება ზოგადად ოლქზე შეტევას, გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ განაცხადა, რომ 26 დრონი ჩამოაგდეს ქალაქ კალუგის და რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თავზე. მისივე თქმით, დაშავდა 9 ადამიანი.
უკრაინას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ, 8 ოქტომბერს „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრზე თავდასხმა იყო რიაზანის ოლქში. კომპანიამ თქვა, რომ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა, მსხვერპლი არ ყოფილა.
