„ლელო — ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, დროებით გაუქმდეს ან განახევრდეს საწვავზე აქციზის გადასახადი.
„ყოველდღიურად მძიმდება საქართველოს მოქალაქეების ყოფა. დიზელის ფასმა გადალახა 5-ლარიანი ნიშნული და დღეს არის 5.07 თეთრი, რაც მძიმეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება. მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვთ არანაირი პასუხი“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ — შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულზე, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება. დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ“, — განაცხადა სამუშიამ.
საწვავის ფასები ბენზინზეც და დიზელზეც რეკორდულ ნიშნულზეა. ყველაზე იაფი, რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი – 4 ლარს, ხოლო დიზელის ღირებულება 5 ლარს გადასცდა.
ბენზინიცა და დიზელიც აქციზურ საქონელს მიეკუთვნება. ტონა ბენზინზე (1340 ლიტრი) აქციზის საფასური 500 ლარს შეადგენს (გაორმაგდა 2017 წელს), რაც 1 ლიტრზე 37 თეთრს უდრის. ტონა დიზელი (1200 ლიტრი) 400 ლარით იბეგრება (2017 წელს 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა). ამ შემთხვევაში აქციზის საფასური ლიტრზე 33 თეთრი გამოდის, თუმცა დღგ აქციზსაც ემატება. გამოდის, რომ აქციზი, მასზე დამატებულ დღგ-იანად, 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით და 1 ლიტრ დიზელს 39 თეთრით აძვირებს.
შესაბამისად, აქციზის გაუქმებით 1 ლიტრი ბენზინის/დიზელის საცალო ღირებულება თეორიულად შესაძლოა 40-45 თეთრით შემცირდეს.
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბენზინის აქციზიდან ₾375 მლნ და დიზელის აქციზიდან ₾275 მლნ, ჯამურად ₾650 მლნ შევიდა. თუ ამ რიცხვს უშუალოდ აქციზზე დარიცხულ დღგ-ს დავუმატებთ, 767 მლნ ლარს მივიღებთ.
წლიურად 700-770 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 2.5%-ია, რაც არაა მცირე თანხა, თუმცა, მეორე მხრივ, საწვავის თუნდაც მცირედი გაიაფება ინფლაციაზე წნეხს ამცირებს, ანუ მოქალაქეების ხარჯები შემცირდებოდა.
საქართველოში დიზელის ფასი 5 ლარს გადასცდა, გაძვირდა ბენზინიც
