სომხეთში კომისია შეიქმნა ირკუტსკის ოლქიდან ჭირის შემოტანისა და გავრცელების პრევენციისთვის. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო.
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, კომისიის მიზანია ირკუტსკის ოლქიდან ჭირის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების რისკის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შეთანხმება და ქვეყანაში არსებული მზადყოფნის მდგომარეობის განხილვა.
კომისიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შევლენ, ხოლო მის საქმიანობას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფენ. პირველ სხდომაზე კომისია გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს.
29 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, 28 წლის დარია შიპილოვა ქალაქგარეთ მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გარდაცვალების მიზეზად „უცნობი წარმოშობის პნევმონია“ დაასახელა. რუსული მედიის ცნობით, სიკვდილის მიზეზი შესაძლოა შავი ჭირი ყოფილიყო.
დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთში შავი ჭირის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ევროპაში ადამიანებში შავი ჭირის აფეთქება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩაატარა „საგანგებო თათბირი“ „განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევის“ გამო და „ანტიეპიდემიური ღონისძიებების სრულ სპექტრს ახორციელებდა“, ხოლო ყველა პირი, ვისაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდა, „სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“.
