რუსული მედიების ცნობით, პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რომელმაც ეტაპირების დროს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა, სამი კი დაჭრა „ლიკვიდირებულია“.
კაცი საქართველოდან იყო ექსტრადირებული. მას ბრალდებული იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებული მუხლებით.
მედია წერს, რომ ბადრაგზე თავდასხმა მატარებელში მოხდა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
РБК-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პატიმარი ტუალეტში გადაჰყავდათ. ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურში მედიას უთხრეს:
„სადგურ მურთაზოვოს მიდამოებში, მატარებლით კონვოირებისას, ერთ-ერთი მსჯავრდებული ტუალეტში გაყვანის დროს ცალმხრივად დაესხა თავს ბადრაგის თანამშრომელს და დაეუფლა მის საშტატო იარაღს. თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა“.
რუსეთის უწყება ამბობს, რომ სამოქალაქო პირებს შორის დაზარალებულები არ ყოფილან. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცავმა ორგანოებმა TASS-სთან უარყვეს პატიმრების ბუნტზე მედიებით გავრცელებული ცნობები და თქვეს, რომ დაკავებული გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს.
Lenta.ru 24 სექტემბერს წერდა, რომ პუშკარევისა და კორნეი ფედუნოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიცია განხორციელდა. მედია ამ ორ პიროვნებას თანამზრახველებად მოიხსენიებს.
რუსეთში პატიმარმა მატარებელში მცველი მოკლა – კაცი საქართველოდან იყო ექსტრადირებული
