საქართველოდან გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ “ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის (ALDE)” ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს და კაია კალასს წერილით მიმართავს.
“საკმარისია! „ქართული ოცნების“ რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს.
ქვეყანაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ იძულებული გახდა, თბილისის ოფისი დაეხურა, რადგან საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება ვეღარ ხერხდებოდა.
ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-ქრისტოფ ოტიენი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზეა პასუხისმგებელი. თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება.
ჩვენი ერთობლივი წერილი კაია კალასისა და მარტასადმი”, –ვკითხულობთ ALDE-ს სოციალურ გვერდზე.
გთავაზობთ ALDE-ს მიერ გაგზავნილ წერილს უცვლელად:
“ბრიუსელი, 2 ოქტომბერი, 2026
ძვირფასო, უმაღლესი წარმომადგენელო, ძვირფასო კაია,
ძვირფასო კომისარო, ძვირფასო მარტა,ჩვენ გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით და, კერძოდ, ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის (FNF) მიერ საქართველოში თავისი ოფისის დახურვის იძულებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქმიანობდა.
FNF იძულებული გახდა საქართველოში საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის მათ პრიორიტეტებს შეუსაბამებდა. ამ პირობებში FNF-მა დაასკვნა, რომ ვეღარ შეძლებდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდის სახით საკუთარი მისიის განხორციელებას.
ეს არის საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე დაწესებული მზარდი შეზღუდვებისა და მომიტინგეების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ ფართო რეპრესიის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი. 2002 წლიდან FNF ქვეყანაში დემოკრატიული ძალების პარტნიორი იყო და მხარს უჭერდა პოლიტიკურ განათლებას, დემოკრატიულ მონაწილეობას, კანონის უზენაესობას, ევროპულ ინტეგრაციასა და ღია სამოქალაქო საზოგადოებას.
ეს მოვლენები აჩვენებს, თუ რამდენად შორდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი და მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველას, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისა და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი მისი ერთგულებისთვის.
ALDE პარტიამ, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპულ ლიბერალურ ფორუმთან ერთად არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება დემოკრატიული უკუსვლის გამო. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, უპასუხოს რეპრესიებსა და საქართველოში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ შერყევაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებით.
ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩართულობა არსებითია შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ ასეთ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი, ვინც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს იცავენ, მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ.
პატივისცემით, სვენია ჰანი, ევროპარლამენტის წევრი
ALDE პარტიის პრეზიდენტიიან-კრისტოფ ოიტენი, ევროპარლამენტის წევრი
ევროპული ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტი”
2 ოქტომბერს, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა თავისუფლებისთვის“ (FNF) გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფონდმა 2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში მდებარე ოფისი დახურა. ფონდის თანახმად, მათ განაცხადით სცადეს, ამოეწურათ ყველა შესაძლებლობა, რათა გაეგრძელებინათ საქართველოში საქმიანობა და მხარი დაეჭირათ იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან, თუმცა 2026 წლის 28 ივლისს ეს განაცხადი უარყოფილ იქნა.
2026 წლის 30 სექტემბერს თბილისში თავისი წარმომადგენლობა დახურა კონრად ადენაუერის ფონდმაც [KAS].
