სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ (წინა წლის სექტემბერთან შედარებით) 5.6% შეადგინა.

აპრილიდან მოყოლებული, წლიურ ჭრილში სამომხმარებლო ფასები 5%-ზე მეტით იზრდება. ცალკეულ პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები 30-50 პროცენტითაც გაიზარდა.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაძვირდა — 3.4%-ით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის — 6.2%-ით, კომუნალურების — 9.2%-ით, ჯანდაცვის ხარჯები — 8%-ით და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები 19%-ით.

კონკრეტული დასახელების პროდუქტებიდან დიზელი 54%-ითაა გაძვირებული, ბენზინი — 30%-ით. თუ შედარებას 30 სექტემბრის მდგომარეობით გავაკეთებთ, დიზელი 60%-ითაც იქნება გაძვირებული, მაგრამ საქსტატი მონაცემებს 10-დან 20 რიცხვამდე აგროვებს, შესაბამისად, 21-30 სექტემბრის გაძვირება ოქტომბრის ინფლაციაში აისახება.

თვითმფრინავით მგზავრობა 40%-ით არის გაძვირებული, ქორწინების ბეჭედი — 31%-ით, ელექტროენერგიის გადასახადი — 25%-ით.

საკვები პროდუქტებიდან პომიდორი 35%-ითაა გაძვირებული, შებოლილი და გაყინული თევზი — 21%-ით, ძროხის ხორცი — 18%-ით, ქათმის ხორცი — 16%-ით, ახალი თევზი ასევე — 16%-ით.

წლიური ინფლაცია 2026 წლის სექტემბერში ზოგიერთი დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდაზე გავლენა ენერგომატარებლების, კერძოდ, ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ იქონია. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტება მკაცრდება, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინებია.