სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ (წინა წლის სექტემბერთან შედარებით) 5.6% შეადგინა.
აპრილიდან მოყოლებული, წლიურ ჭრილში სამომხმარებლო ფასები 5%-ზე მეტით იზრდება. ცალკეულ პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები 30-50 პროცენტითაც გაიზარდა.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაძვირდა — 3.4%-ით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის — 6.2%-ით, კომუნალურების — 9.2%-ით, ჯანდაცვის ხარჯები — 8%-ით და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები 19%-ით.
კონკრეტული დასახელების პროდუქტებიდან დიზელი 54%-ითაა გაძვირებული, ბენზინი — 30%-ით. თუ შედარებას 30 სექტემბრის მდგომარეობით გავაკეთებთ, დიზელი 60%-ითაც იქნება გაძვირებული, მაგრამ საქსტატი მონაცემებს 10-დან 20 რიცხვამდე აგროვებს, შესაბამისად, 21-30 სექტემბრის გაძვირება ოქტომბრის ინფლაციაში აისახება.
თვითმფრინავით მგზავრობა 40%-ით არის გაძვირებული, ქორწინების ბეჭედი — 31%-ით, ელექტროენერგიის გადასახადი — 25%-ით.
საკვები პროდუქტებიდან პომიდორი 35%-ითაა გაძვირებული, შებოლილი და გაყინული თევზი — 21%-ით, ძროხის ხორცი — 18%-ით, ქათმის ხორცი — 16%-ით, ახალი თევზი ასევე — 16%-ით.
წლიური ინფლაცია 2026 წლის სექტემბერში ზოგიერთი დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე
მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდაზე გავლენა ენერგომატარებლების, კერძოდ, ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ იქონია. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტება მკაცრდება, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინებია.
