სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე, რომელსაც ბრალი კორუფციულ დანაშაულში ედება და 22 მაისიდან დაკავებული იყო, სასამართლოს დარბაზიდან 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ლევან ახობაძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. პატიმრობის [როგორც განაჩენის გამოტანამდე აღკვეთის ღონისძიების სახე] გირაოთი შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, პირველ ოქტომბერს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, ლევან ახობაძემ 2024 წელს, თანამდებობაზე ყოფნისას, მეწარმეს ქვეყნის საზღვარზე ჩამორთმეული 40 მილიონი რუსული რუბლის დაბრუნებაში დახმარების სანაცვლოდ 500 000 ლარის ოდენობით ქრთამი მოსთხოვა. საბოლოოდ, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, თანხა განახევრდა და ახობაძეს ქრთამის სახით 250 000 ლარი მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა.
განაჩენის გამოტანამდე ახობაძე ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს. ის ბრალს არ აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. დღევანდელ სხდომაზე კი პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში (სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი), 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, იგი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.
