ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, საბრძოლო მასალის დამალვას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. შესაბამისად, ის საპატიმროს 2027 წლის ივლისში დატოვებს.

ჭულუხიძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

„გავეცანი საპროცესო შეთანხმების ოქმს და შუამდგომლობას, არავითარი აღიარება, არავითარი დაკითხვა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არ არის მომხდარი, არანაირი მტკიცებულებები… მაგასთან დაკავშირებით ჩვენება არ მიუცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. [ეს რომ ეთხოვათ] მეტყოდა“, — თქვა გაიოზ ჩარკვიანმა.

კითხვაზე, აღიარა თუ არა ჭულუხაძემ, რომ ის საბრძოლო მასალას დივერსიის მოწყობის მიზნით ინახავდა, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმეში დივერსია საერთოდ არაა ნახსენები.

ბექა ჭულუხაძე სუს-მა საერთაშორისო ძებნის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს. სუსი საუბრობდა ამ საქმის კავშირზე „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე“.

დაკავებისას სუს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, ისინი ასევე მუშაობდნენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.