2026 წლის მასში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. მიუხედავად ამისა, სასწავლო პროცესი სკოლაში ამჟამად არ მიმდინარეობს. 
კვარა ჩართოლანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებლის დირექტორის მოადგილე აცხადებდა, რომ ტენდერის ღირებულება 4 200 000 ლარი იყო.
„სრულად მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები შეხვდებიან სრულად ახალ ინფრასტრუქტურულ გარემოში“, – ამბობდა ჩართოლანი 14 მაისს.
26 ივნისს ლანჩხუთის რესურ-სცენტრმა გაავრცელა ცნობა, რომ ამ სკოლამ ავტორიზაცია მიიღო.
„ვულოცავთ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლას სრულ ავტორიზაციას 9 წლის ვადით მონიტორინგის გარეშე“, – ეწერა განცხადებაში.
„ტვ პირველის“ ცნობით, 15 სექტემბერს სკოლაში პირველკლასელებისთვის მიღება მოეწყო. სოციალურ ქსელში იძებნება ფაქტის ამსახველი კადრები.
მედიასთან სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ღონისძიება პირველკლასელებისთვის მოაწყვეს, თუმცა მოსწავლეები ინფორმირებული იყვნენ, რომ სწავლა აღნიშნულ სკოლაში არ დაიწყებოდა.
„15 სექტემბერს მოსული ბავშვები უკან არ გაგვიბრუნებია, იმიტომ, რომ ჩვენ 15 სექტემბერს ბავშვებისთვის არ გვითქვამს, რომ ვიწყებდით შუხუთის საჯარო სკოლაში იმიტომ, რომ რაღაც პატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო დარჩენილი. კერძოდ, წყალი და რაღაც ავეჯი იყო მოსამარაგებელი. დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა გადავიდეთ, დავბრუნდეთ უკან“, – ამბობს ანრი ხუხუნაიშვილი „ტვ პირველთან“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აქვს სკოლას წყალი, როცა რეაბილიტაციაზე ამხელა თანხაა დახარჯული, დირექტორი პასუხობს:
„ფული რომ დაიხარჯა, იმ პროექტში არ იყო გათვალისწინებული, იმ კომპანიამ არ გააკეთა წყალი“.
იხილეთ ასევე: