საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაციის წინააღმდეგ განხორციელებული კოორდინირებული და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, ვანდალიზმის, დაშინებისა და სტიგმატიზაციის შესახებ საჩივარი გაგზავნა.
2024 წლის 9 და 31 მაისს, რუსული კანონის მიღების პარალელურად, საიას ცენტრალური ოფისის შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, კონკრეტულმა პირებმა წარწერები გააკეთეს, მათ შორის, დაწერეს – “აგენტები”, “აგენტურა”, “მოღალატე”, “მოღალატეები”, “ერის მტერი” – და მსგავსი შინაარსის მატარებელი პლაკატები გააკრეს.
საიას განცხადებით, 31 მაისს ჩადენილი ვანდალური თავდასხმის შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ, მის პირად სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამასთანავე, დიმიტრი სამხარაძემ პოსტს დაურთო ვიდეო კოლაჟი, სადაც ასახული იყო სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის ოფისებზე განხორციელებული ვანდალური თავდასხმების ფაქტები.
საიამ თავდასხმების დღეებშივე მიაწოდა უშუალო ინფორმაცია და მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მათგან. ორი წლის განმავლობაში საია ითხოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან, გენერალური პროკურატურისაგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლების საფუძველზე: 156 (დევნა), 187(2)(გ) (ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად) და 2592(1) (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება).
თუმცა, საიას განცხადებით, მათ მიერ დასმულ არც ერთ შინაარსობრივ კითხვაზე არ გაეცა პასუხი. ორგანიზაცია იღებდა შიდაუწყებრივი გადამისამართების ასლებს.
პირველად ორგანიზაციამ სახალხო დამცველისგან გაიგო იმის შესახებ, რომ გამოძიება მოცემულ ფაქტებზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ საიამ გაასაჩივრა საგამოძიებო უწყებების უმოქმედობა და მოითხოვა ამ გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსის მონიჭება. თუმცა, გენერალური პროკურატურისგანაც პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა საიას აღნიშნული მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ მხოლოდ უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებიდან გამომდინარე შეიტყო, რომ გამოძიება საქმეზე მიმდინარეობდა მხოლოდ ყველაზე მსუბუქი კვალიფიკაციით – მუქარით (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც მაქსიმალურ სასჯელად 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). ამასთანავე, ზემოხსენებული ოთხი მუხლიდან სამი მუხლის შემთხვევაში (სსკ-ის 156(1), 2592(1) და 151(1) მუხლები) განსაზღვრული ორ წლიანი ხანდაზმულობის ვადა უკვე გავიდა. შესაბამისად, ამ მუხლების საფუძველზე ვეღარ მოხერხდება პირების მსჯავრდება.
“ვინაიდან საიას ოფისის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციას არ აქვს უფლება, რომ გაასუფთავოს და წაშალოს ეს წარწერები ოფისის ფასადიდან. აღნიშნული წარწერების მოშორების უფლებამოსილება მხოლოდ თბილისის მერიას აქვს. შესაბამისად, საიამ ასევე ხუთჯერ მიმართა თბილისის მერიასაც, რათა მათ მომხდარ ფაქტებზე ჰქონოდათ სამართლებრივი რეაგირება, მოეშორებინათ ეს წარწერები, ან მიეცათ ორგანიზაციისთვის ნებართვა, რომ თავად გაესუფთავებინა ფასადი. თუმცა, საიამ მხოლოდ თითქმის ორი წლის შემდეგ მიიღო პირველი პასუხი შპს “თბილსერვის ჯგუფისგან” (რომელიც დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი წილი კომპანიის კაპიტალში 100% შეადგენს), რომ ისინი ვერ მოახერხებდნენ წარწერების წაშლას, რადგანაც შენობა არის ძველი და მათ მიერ გამოყენებული აპარატურა უფრო დააზიანებდა კედლებს. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სახალხო დამცველთან წარმოებული კომუნიკაციის საფუძველზე მოიპოვა ორგანიზაციამ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია საიას ოფისზე თავდასხმების საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150²(5) მუხლის საფუძველზე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება). ხაზგასასმელია, რომ ამ მუხლის საფუძველზე პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადაც გავიდა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შემთხვევაში, განსაზღვრულია 3 თვიანი ხანდაზმულბის ვადა”, – აცხადებენ საიაში.
სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევის გამო, საია სტრასბურგის სასამართლოში დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი უფლებების დარღვევაზე: საკუთრების უფლება (კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); გაერთიანების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) და დისკრიმინაციის აკრძალვა (კონვენციის მე-14 მუხლი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-11 მუხლთან ერთობლიობაში).
საჩივარში საია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ოფისზე მტრული და შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვება, სახელმწიფოს უმოქმედობა და ამ ყველაფრის საჯარო მხარდაჭერა მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ლახავს გაერთიანების თავისუფლებას. საია დავობს, რომ აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს საიას თანამშრომლების, მხარდამჭერებისა და ბენეფიციარების დაშინებას, ორგანიზაციის მუშაობის პარალიზებასა და საზოგადოებრივი ნდობის შერყევას.
“ამასთანავე, საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შერჩევითი მართლმსაჯულების საკითხს. მაშინ, როდესაც საიას ოფისის დარბევასა და დევნაზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა და საბოლოოდ ხანდაზმულობის ვადა გავიდა ოთხიდან სამ რელევანტურ მუხლზე, სახელმწიფო უპრეცედენტო სისწრაფითა და სიმკაცრით რეაგირებდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ მმართველი პარტიის პლაკატების დაზიანებაზე. მაგალითად, აქტივისტ მეგი დიასამიძისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, თბილისის მერის საარჩევნო ბანერებზე პროტესტის ნიშნად გაკეთებული წარწერების გამო, გამოძიებები სსკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე დაუყოვნებლად დაიწყო და ელენე ხოშტარიას კი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ფაქტები აშკარად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება პოლიტიკურად მიკერძოებული და დისკრიმინაციულია, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას”, – აცხადებენ საიაში.
მოცემული საქმის ევროპულ სასამართლოში წარმოებით საია აცხადებს, რომ მიზნად ისახავს დაიცვას საკუთარი, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის უფლებები. ვინაიდან, უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის წინააღმდეგ ამგვარი ტიპის დევნის კამპანიის წარმოება, და, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მისი მხარდაჭერა, ქვეყანაში სხვათა უფლებების დაცულობასაც უქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.
შეგახსენებთ, რომ საიას გარდა წარწერებით ვანდალურად დააზიანეს სხვა არაერთი არასამთავრობო, მედია ორგანიზაციისა და სამოქალაქო აქტივისტის ქონებაც.
