ტამბოვის ოლქის ხელმძღვანელმა, ევგენი პერვიშოვმა განაცხადა, რომ 26 აგვისტოს ღამით, უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ქალაქ კოტოვსკში ხანძარმა სრულად გაანადგურა Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი.

მანამდე გუბერნატორი წერდა, რომ ხანძრის არეალი 100 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებდა.

მისივე ცნობით, დაშავდა 2 ადამიანი. გუბერნატორი ამბობს, რომ 16 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, მაგრამ სამმა მოასწრო საწყობის შენობაზე დარტყმა.

„დღეს ჩავატარებ ცალკე თათბირს Wildberries-ის საწყობში მომუშავე ყველა პირის შემდგომ დასაქმებასთან დაკავშირებით. ხალხი სამუშაოს გარეშე არ უნდა დარჩეს“, – დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.


18 ივლისიდან მოყოლებული დრონები სისტემატურად აყენებენ დარტყმებს Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს. BBC-ის ცნობით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკვე 20-ზე მეტი დიდი ხანძარი მოხდა. აგვისტოში უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმების მიყენება დაიწყეს სიდიდით მეორე რუსული მარკეტპლეისის, Ozon-ის საწყობებზეც.