განახლება: სასამართლომ ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბერდია სიჭინავას თქმით, პროკურატურამ კობახიძის განცხადებას პოლიტიკური შეფასება უწოდა და ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არალერევანტურად მოიხსენია, აღნიშნული პოზიცია გაიზიარა სასამართლომაც.
“ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე. ეს დამატებითი მტკიცებულება, თქვენ როგორც იცით, იყო ირაკლი კობახიძის მიერ 2026 წლის 11 აგვისტოს შინდისის გმირთა მემორიალთან გაკეთებული განცხადება, სადაც მან თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ტერიტორიული წინსვლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ჰქონია. ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ბრალდებას, რასაც ედავება პროკურატურა ცხინვალის მარიონეტული რეჟმის ნარატივებით გიორგი გახარიას, თითქოს მის ქმედებას ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია მოჰყვა. პროკურატურამ ირაკლი კობახიძის განცხადებას უწოდა პოლიტიკური შეფასება და მოიხსენია არალერევანტურად ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ გაიზიარა”,- განაცხადა სიჭინავამ მედიასთან.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაცვის მხარე სასამართლოში მოწმის სახით ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებს იკვლევს.
ბერდია სიჭინავამ მედიასთან თქვა, რომ ირაკლი კობახიძე თავად ტირაჟირებდა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმით „მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაკარგა თურმე ქვეყანამ“.
„მოვითხოვთ ასევე ირაკლი კობახიძის ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვას. საქმე შეეხება იმ გარემოებას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და დეზინფორმატორები „ქართული ოცნების“ პარლამენტში აცხადებდნენ, რომ მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაკარგა თურმე ქვეყანამ გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, როდესაც ჩორჩანაში ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღიმართა საპოლიციო საგუშაგო და ამას თავად ტირაჟირებდა ირაკლი კობახიძე და მდინარაძის ხელქვეითი დეპუტატები პარლამენტში. […]
შინდისის მემორიალთან აკეთებს ირაკლი კობახიძე განცხადებას, რომ რუსეთს 2012 წლის შემდეგ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ფაქტობრივად, ამით პირდაპირ აღიარა, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებული ნარატივი, თითქოს ქვეყანას დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციად დაუჯდა ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვა, იყო მტკნარი სიცრუე, პროპაგანდისტული გზავნილი და ზუსტად ემთხვეოდა ერთი-ერთში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გზავნილებს“, – თქვა ბერდია სიჭინავამ სხდომის დაწყებამდე.
2025 წლის 13 ნოემბერს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. გახარია საქართველოში არ იმყოფება.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანას ტყეში ხეების მონიშვნა.
ჩორჩანას მოვლენებიდან 6 წლისთავზე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ადანაშაულებს, რომ შს მინისტრის რანგში საგუშაგო სუს-თან და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად გახსნა, ქვეყანა „ომის ზღვარზე“ დააყენა, საპასუხოდ საოკუპაციო მხარემ 5 საგუშაგო მიიღო და 1 000 000 მ² (100 ჰა) ტერიტორია დაკარგა.
გახარიას თქმით, პირიქით, საგუშაგოს გახსნით საქართველომ ჩორჩანას ტყის მთლიანი მასივის, 1 800 ჰა მითვისების პრევენცია შეძლო.
