დღეს, 5 აგვისტოს ღამით გიგა ავალიანის საქმის 2 ფიგურანტი გოგო დააკავეს – ნ.ი. და ა.ბ.

“ნეტგაზეთს” ინფორმაცია მიაწოდა საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.

ნ.ი. საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურორის თქმით, ნ.ი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც პროკურორი ამბობს, ნ.ი. ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით დააკავეს.

ნ.ი. გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და მთავარი მსჯავრდადებულის ა.გ.-ს შეყვარებულია. მის დაკავებას თვეებია ითხოვს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, რომელიც ნ.ი.-ს მიიჩნევს მის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად, თუმცა გოგოს ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ნ.ი. ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ა.ბ.-ს, პროკურორის განცადებით, სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ახალგაზრდა მასწავლებელს 2025 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე, 24 ოქტომბერს, გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი საქმის ფიგურანტი არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.