შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა. უწყება ამბობს, რომ მათ შორის კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიცია ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
