„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდებას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ“, – წერს საია.

ორგანიზაცია განცხადებაში მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე – კერძოდ, მეოთხე სექციის გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც მიუთითებს, რომ:

  • თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვაონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან;
  • ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა გაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე მითითებით;
  • დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.
  • დაუშვებელია არაძალადობრივი გამოხატვის, თუნდაც გაუმართლებელი შეურაცხყოფის საპასუხოდ, საპატიმრო სასჯელების, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.
  • დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას „მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.

საიას შეფასებით, ნაცვლად სიძულვილის ენის მონიტორინგისა, შსს-ს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობა ძირითადად მწვავე პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ წარმოებას მოიცავს.

ორგანიზაციის შეფასებით, ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შესაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს.

„ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოხატვის ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის გამო ცნობილი ჟურნალისტის და ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის, ვახო სანაიას, პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება „ფორმულას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო“, – აცხადებს საია.