დღეს მედიასთან ბრიფინგი გამართა მიხაილო ფედოროვმა, რომლის გადადგომის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი. ბრიფინგზე, სხვა საკითხებთან ერთად, აღიარა საკუთარი კონფლიქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან.

„რეალურად, როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ სირსკის შეცვლას არ გეგმავს — ეს მისი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებაა. მე ამ გადაწყვეტილებას სრულად დავეთანხმე და ვთქვი: ესე იგი, მე უნდა ვისწავლო მასთან მუშაობა, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი კლიენტი (რედ. დამკვეთი) უკრაინელი ხალხია და არა ვინმე სხვა“, — განმარტა ფედოროვმა „РБК-Украина“-ს მიხედვით.

თუმცა, მისი თქმით, სირსკიმ მისი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყო. ფედოროვმა თქვა, რომ სირსკი მზად არაა, პრობლემების შესახებ პირდაპირ ილაპარაკოს, მაგრამ მზად არის, „პირადად იაროს შეხვედრებზე, ხლართოს ინტრიგები და იფიქროს, რომ მედიაში მის წინააღმდეგ კამპანია ვინმემ შეუკვეთა, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა რეალურ ქმედებებში დაინახოს“.

ფედოროვმა განაცხადა, რომ  შვიდი წელია ზელენსკის იცნობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს „სირსკის მხარე ჯერ კიდევ არ დაუკავებია“. მისი თქმით,  ეს სიტუაცია სახელმწიფოს მეთაურთან უკვე განიხილა და მათ საჯარო უთანხმოებას კონფლიქტად არ მიიჩნევს.

მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, რაც ერთ გუნდში მუშაობენ, მას და პრეზიდენტს „ერთმანეთი არასოდეს დაუღალატებიათ“, თუმცა ახლა თითოეული მათგანი სიტუაციას საკუთარი ხედვით აფასებს.

მან ასევე ისაუბრა მობილიზაციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების, ჯარში სისტემური ცვლილებებისა და სამხედრო მოსამსახურეებისადმი ჯეროვანი დამოკიდებულების გარეშე.

ფედოროვის თქმით, იგი ნახევარი წლის განმავლობაში შეგნებულად არ აკეთებდა კომენტარს მობილიზაციის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრები სახმელეთო ჯარებს ექვემდებარება, ეს უკანასკნელი კი — უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს. ამავდროულად, ფედოროვი ამბობს, რომ მობილიზაციის საკითხის მოგვარება შეუძლებელია იმ პრობლემებისგან დისტანცირებით, რომლებიც უშუალოდ ჯარის შიგნით არსებობს.

ბრიფინგზე ფედოროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი თქვა.

ფედოროვი გამოეხმაურა კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გადაყენების წინააღმდეგ გამართულ აქციებს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ქუჩაში უკრაინელი ხალხი გამოვიდა. უკრაინელი ხალხი კონკრეტული მინისტრის, ფედოროვის გამო კი არ გამოსულა, ხალხი საკუთარი თავის დასაცავად გამოვიდა“, — განაცხადა ფედოროვმა.

იხილეთ: