უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ სამხედრო-საზღვარო ძალებთან თანამშრომლობით შავ ზღვაში იერიში მიიტანეს ტანკერებზე – Louise 1 და Banda, რომლებიც, კიევის ცნობით, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიან.

SBU-ს განცხადებით, Louise 1-ს გადაჰქონდა რუსული ნედლი ნავთობი G7-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებული ნავთობის ემბარგოს გვერდის ავლით. განცხადებაში ნათქვამია, რომ გემს ნავთობი გაჰქონდა ბალტიისა და შავი ზღვების პორტებიდან და ამ პროცესში ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემას თიშავდა.

„მხოლოდ 2026 წელს მან გადაზიდა თითქმის 3 მილიონი ტონა რუსული ნავთობი მარკით „Urals“- წერია განცხადებაში.

რაც შეეხება ტანკერ Banda-ს, სბუ ამბობს, რომ ის ასევე გამოიყენებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უსტ-ლუგას, ქერჩის, ნოვოროსიისკისა და ნახოდკის პორტებიდან.

რუსულ მხარეს ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.