სომხეთი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პოლიტიკურ ტრანსფორმაციას გადის – ქვეყანა ერთდროულად ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებას, ევროკავშირთან დაახლოებასა და რუსეთის გავლენის შემცირებას. რა განწყობებია სომხურ საზოგადოებაში, რამდენად რეალურია ევროინტეგრაციის პერსპექტივა და რა გამოწვევების წინაშე დგას ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება? ამ საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ესაუბრა პარტია „დროას“ საგარეო მდივანს, მარიკა მიქიაშვილს, რომელიც ბოლო პერიოდში სომხეთში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში იმყოფება და ქვეყნის შიგნიდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს.
დღეს, სომხეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდს ქვეყნის შიგნიდან აკვირდებით, როგორ აფასებთ შიდაპოლიტიკურ დინამიკას და რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ?
დღეს სომხეთი ნამდვილად ახერხებს იყოს ერთდროულად დემოკრატიულიც, მშვიდობიანიც, სტაბილურიც… ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ირანთანაც, ჩინეთთანაც, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თანაც, მასპინძლობდეს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, სომხეთი არის “ქართული ოცნების” მთელი პროპაგანდის დამამსხვრეველი მაგალითი თბილისიდან სულ რაღაც 75 კილომეტრში.
ნიკოლ ფაშინიანმა შეძლო და სომხებს მშვიდობიანი, განვითარებული, ევროპულ გზაზე დამდგარი მომავლის საკუთარი ხედვა დაანახა. მეორე მხრივ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი და განსაკუთრებით ისინი, ვინც პარლამენტში შევიდნენ, ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის ძალები არიან. რუსული ფაქტორის გარდაც, მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის პარტია, 2018 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე არსებული პოლიტიკური ელიტაა, რომელიც სომხებს ჩვეული პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმის, დიქტატურის, განუკითხაობისა და სტაგნაციის გამო სძულთ. ოპოზიციის ამ, ყველაზე დიდ ნაწილს, ვინც პარლამენტში შევიდა, ფაშინიანის სიძულვილის გარდა, პრინციპში, დღის წესრიგი არც აქვს და ხალხის დიდი ნაწილისთვისაც ისინი მომხიბვლელნი არ არიან.
თუმცა, რა თქმა უნდა, გარედან ყველაფერი უფრო იოლად ჩანს და ადგილზე ხალხს ბევრი პრობლემა აწუხებს. ბევრის აზრით, ნიკოლ ფაშინიანს დემოკრატიასთანაც აქვს პრობლემები და კანონის უზენაესობისგან სომხეთი ჯერაც შორს არის. თუმცა, როგორც ვხედავთ, ალტერნატივებს ფაშინიანი ნამდვილად სჯობნის, მით უმეტეს, აზერბაიჯანთან მშვიდობის პერსპექტივის, თურქეთთან გახსნილი საზღვრების, ევროპასთან დაახლოებისა და სხვა ახალ-ახალი პერსპექტივების წყალობით.
მთავარი გამოწვევა დღევანდელი სომხეთისთვის მაინც კონსტრუქციული და დემოკრატიული ოპოზიციის სისუსტეა. რა თქმა უნდა, არიან მსგავსი პარტიები, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს უჭირთ მათი სერიოზულად აღქმა და ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებაც უკმაყოფილონი არიან, რომ ასეთი პარტიები საარჩევნოდ არ გაერთიანდნენ, ევროპული ალტერნატიული დინამიკური ცენტრი არ შექმნეს და ბარიერის გადალახვაც, შესაბამისად, ვერ შეძლეს. რაღაც მხრივ, ახლანდელი ვითარება საქართველოს 2010 წელს მაგონებს. ვერცერთი მთავრობა მუდამ ვერ დარჩება, მით უმეტეს, თუ შეზღუდული რესურსები და წითელი ხაზები აქვს. ამიტომ ოპოზიციურ ველზე ვაკუუმის ათვისება ოპორტუნისტულად შეუძლია ვინმე ავტორიტარს, პოპულისტს, პრორუსს.
ჩვენს რეგიონში ავტორიტარი გინდაც პირდაპირ რუსეთის დასმული იყოს და გინდაც არა, ზურგსა და მხარდაჭერას მაინც რუსეთში ჰპოვებს. ამიტომ სომხეთის შემდეგ საარჩევნო ციკლზე ვდარდობ. სწორედ ასეთი ოპოზიციური ვაკუუმი გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა 2011-2012 წლებში. ახლა კი “სომხეთის ივანიშვილად” წოდებული სამველ კარაპეტიანი დამარცხდა, მაგრამ მტერს არ სძინავს და არც არის აუცილებელი, ზუსტად იგივე სცენარი ჰქონდეს ყველა ქვეყანაში.
გარდა ამისა, ევროკავშირმაც სწრაფი ტემპით უნდა დაანახოს სომხებს თავიანთი მხრიდან სომხეთის მიმღებლობა, რაღა იმედგაცრუებამ და გაწბილებამ არ დაისადგუროს. თუ ასე მოხდა, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მერე უფრო ადვილიც იქნება.
სომხეთის ევროინტეგრაციისკენ წრაფვის რეალურ პერსპექტივებს როგორ უყურებთ ქვეყნის შიგნით, რამდენად არის ეს პროცესი ინსტიტუციურად და საზოგადოებრივად რეალურად მხარდაჭერილი?
უნდა ითქვას, რომ სომხები საკმაოდ პრაგმატული და რაციონალური ხალხია, აღარ სურთ წარსულში ყურება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის იდეა რიგითი სომხების უმრავლესობისთვის, ვისაც ყოველდღიურობაში შეხვდები, სწორედ რომ პირველ რიგში პრაგმატული არჩევანია.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, ევროკავშირი პრაგმატულთან ერთად ემოციურადაც ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა და მჭიდროდ იკვეთება ეროვნულ იდენტობასთან. ბოლოს და ბოლოს: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.” თუმცა სომხეთს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სხვა ტრაექტორია ჰქონდა, რუსეთის ოფიციალური მოკავშირე იყო. თუკი ევროპული კურსი გაგრძელდება და გაღრმავდება, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ერთ თაობაში და შესაძლოა, უფრო ადრეც, სომხეთშიც გაჩნდეს ევროპული იდენტობის მძაფრი ემოციური აღქმა.
საზოგადოების 73-75% სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა სომხებს არ სურთ მყისიერი და სახიფათო ცვლილებები. თანმინდევრულობა და სიდინჯე ურჩევნიათ, თუკი რუსეთმა დააცადა და სადამსჯელო მექანიზმის გამო ბოლომდე არ მიაწვა.
ახლა ვხედავთ, რომ დროზე ადრე იმუქრება რუსეთი, სომხეთი ან ევრაზიულ კავშირში დარჩეს, ან კავშირი დატოვოს და ევროკავშირისკენ დაიძრას. სწორედ რუსული შანტაჟისა და ახალგაზრდა დემოკრატიის მყიფე ინსტიტუტების დასაცავად არის საჭირო ევროკავშირის გონივრული გეოპოლიტიკური პოზიციაც და ინტეგრაციის უფრო მოქნილი პოლიტიკა, თუნდაც მომთხოვნი (რადგან მეორე ვიქტორ ორბანი ევროკავშირში არავის სურს).
საბოლოო ჯამში, სომხები სულ იმას აღნიშნავენ, რომ საქართველოს გარეშე დემოკრატიის შენარჩუნება და, მით უმეტეს, ევროინტეგრაცია ძალიან გაჭირდება, რადგან საქართველო და შავი ზღვა არის სომხეთის ფიზიკური ბმა ევროკავშირთან. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც, მაგალითად, ფაშინიანმა განაცხადა, ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშეც კი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იმთავითვე არის თვითმიზანი. ამას საქართველოში ვერ გაიგებ და ეს უკავშირდება იმ ყოველივეს, რაც უკვე ვთქვი, რომ სომხებს ჯერჯერობით მაინც ჩვენსავით ტოლობა არ აქვთ დასმული სომხობასა და ევროპელობას შორის მასობრივ დონეზე.
როგორ იცვლება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ბალანსი რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში და რა ფაქტორები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ამ პროცესზე?
ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებით რუსეთმა სომხეთზე უდიდესი ბერკეტი დაკარგა. უკრაინაში ომის გამო რუსეთის დასუსტებაც პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ძალიან ეტყობა სომხეთს, ჯერ მარტო ქალაქ გიუმრიში ზელენსკის ვიზიტი რად ღირს – რუსული სამხედრო ბაზის ქალაქში.
რუსეთის საუკეთესო იმედი ახლა არის ის, რომ სომხეთს არ აცადოს თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება, აიძულოს, გააკეთოს გეოპოლიტიკური არჩევანი იქამდე, სანამ სომხეთი და ევროკავშირი რეალურად იქნებიან მზად ერთმანეთისთვის; ეკონომიკური ემბარგოებით გამოიწვიოს მთავრობის კურსის პოპულარობის კლება, გამოფიტოს დემოკრატიული ინსტიტუტები და, საბოლოო ჯამში, დასვას საკუთარი კანდიდატი.
ხალხში რუსეთის მიმართ უარყოფითი განწყობები ძალიან შეფარული, მაგრამ მზარდი და ნამდვილია. არავინ უხეშად არ მოგექცევა, მაგრამ როცა იგებენ, რომ რუსულად უბრალოდ მათთან მიწევს საუბარი, თორემ ისე ქართველი ვარ, ძალიან უხარიათ და რუსეთს მოზომილად მიალანძღავენ ხოლმე. ქართველები ძალიან უყვართ და უფრო გვიცნობენ კიდეც, ვიდრე ჩვენ – მათ. ნაწილობრივ, ეს ბუნებრივიცაა, რადგან უამრავ სომეხს ჰყავს საქართველოში ნათესავი ან ხშირად დადის შავ ზღვაზე.
ისევ რუსეთს რომ დავუბრუნდე, ის მაინც უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ სომხეთს ტრადიციულად მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უყვარს და თუ რუსეთმა თავად არ გამოაცხადა სომხეთი მტრად, სომხები ამას არ იზამენ. მათ სურთ ყველასთან მეტნაკლებად კარგი ურთირთობა, თუმცა რუსეთის როლის შემცირება ქვეყანაში ნამდვილად სურთ. მათი აზრით, რუსეთმა სომხეთი, მოკავშირე, მიატოვა ომში.
ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა დინამიკა ჩანს, როგორც ვხედავთ, სომხეთისა და საქართველოს გზები ამ მხრივ გაიყო. თქვენი აზრით, როგორ ცვლის არსებული სიტუაცია რეგიონს?
როგორც აღვნიშნე, სომხებისთვის ჩვენ გეოგრაფიული ღუზა ვართ. აქამდეც, მთელი ორი ათწლეული, ჩვენ გვიყურებდნენ იმედითა და კეთილი შურით. ამბობენ კიდეც, ამას როგორ ვიფიქრებდით, რაც დაგემართათ, ვფიქრობდით, აი, უკვე თქვენ შეხვალთ ევროკავშირში და ჩვენც მალე შემოგყვებითო. ახლა კი სომხეთი გახდა მაგალითი და ერთგვარი იმედიც ქართველებისთვის, რომ სხვა ფაქტორებს დამატებული, სომხეთთან კავშირების ხარჯზე საქართველოს საკითხიც მუდამ იქნება წინ.
სომხეთის ბოლოდროინდელი განვითარება რეგიონში ახალ სატრანზიტო პროექტებს აჩენს, რომელსაც საქართველო აკლდება. ისე, ტრანზიტის გამო რომ თითქოს ყველას მოუწევდა რეჟიმთან ურთიერთობის დალაგება, ქართული ოცნების დიდი მითი იყო, რომელშიც მათ საკუთარი თავი დაარწმუნეს. ნახევრად ხუმრობით კი, ერთი “პოსტი” წავიკითხე ფეისბუქზე, სამხრეთ კავკასიაში ერთი დიქტატურა, ერთი დემოკრატია და ერთი რუსეთის მოკავშირე სულ არისო. ამ შემთხვევაში რუსეთის მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმია, სომხეთი კი – დემოკრატია.
