საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო.

ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ნაცვლად, გამოძიება წარმართოს არასათანადო მოპყრობის მუხლოთ. ეს გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას. გარდა ამისა, საია მოითხოვს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელის მიმართ.

გარდა ამისა, საია-ში აცხადებენ, რომ მომხდარი სისტემური ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ფაქტები წახალისებულია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით.

“წარსულში არაერთხელ გვინახავს ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობაში, წამებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში მოქმედებით თუ უმოქმედობით მონაწილე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. საზოგადოების მღელვარების გადასაფარად, პროკურატურის მხრიდან, ასეთ შემთხვევებში, მანკიერ ტრადიციად იქცა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე პირის მიცემა. ძალადობის სხვა მონაწილე პირები, ან ისინი, ვისაც მათი კოლეგების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე კანონის შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია, როგორც წესი, კვლავ აგრძელებენ სამართალდამცავ უწყებებში საქმიანობას. მსგავსი ტიპის მოჩვენებითი რეაგირება კი ამკვიდრებს და ახალისებს სამართალდამცავ უწყებებში სისტემურ ძალადობას.

ამასთან, საია წლებია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით.  პროკურატურის  მხრიდან ჯგუფურად  ჩადენილი არასათანადო მოპყრობის  არასწორი კვალიფიკაციით შეფასება მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების პროცესს. როდესაც ასეთი ქმედება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ფასდება, დანაშაულის რეალური სიმძიმე ხელოვნურად მცირდება და იკარგება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სპეციფიკური კონტექსტი”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია-ში აცხადებენ, რომ პოლიციელების მხრიდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უფლებამოსილების გადამეტებად შეფასების პრაქტიკას “მკაცრად აკრიტიკებს” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, გამოძიების არასწორი კვალიფიკაციით წარმართვის დროს ზიანდება დაზარალებულის ინტერესები. გარდა ამისა, უგულებელყოფილია დანაშაულის სისტემური ხასიათი.

საია-ში აცხადებენ, რომ არასწორი კვალიფიკაციით სახელმწიფო მიზანმიმართულად აუფასურებს ჩადენილ დანაშაულს, “რაც აძლიერებს უსამართლობის განცდას და ამცირებს გამოძიების მიმართ ისედაც შელახულ  ნდობას”.

“ძალადობრივი დანაშაულის რეალური სიმძიმის შენიღბვა და უფრო მსუბუქი მუხლების გამოყენება იწვევს არაადეკვატურად რბილი სასჯელის დაკისრებას, რაც დაუსჯელობის სინდრომს აყალიბებს. შეგნებულად არასწორი კვალიფიკაციის არჩევით, საგამოძიებო უწყებები ფაქტობრივად მფარველობენ მოძალადე სამართალდამცავებს და თავს არიდებენ, რომ მათ დაეკისროთ ადეკვატური სასჯელი. სასტიკი ფიზიკური ძალადობის ფაქტების ფორმალურად „სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების“ ჩარჩოში მოქცევა არის სისტემის მხრიდან პოლიციელების დანდობის მცდელობა, რაც ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ილუზიას ქმნის და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას პირდაპირ ეწინააღმდეგება”, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დაუსჯელობა პოლიციელებს უქმნის განცდას, “რომ სისტემა უფრო მეტად [სამართალდამცავი] უწყების ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული, ვიდრე ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვასა და დამრღვევ პირთა სრულ პასუხისმგებლობაზე”. თავის მხრივ, ეს ქმნის რისკს, რომ ძალადობა აღქმული იყოს არა როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ როგორც “პროფესიული გადაცდომა”. ეს მიდგომა სამართალდამცავ უწყებებში ამყარებს დაუსჯელობის სინდრომს და ახალისებს სისტემურ ძალადობას.

“საყურადღებოა, რომ თითქმის არასდროს მსგავსი ტიპის შემთხვევებს თან არ სდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელი, ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხგებლობა”, – აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ არსებობს დანაშაულში მონაწილე პოლიციელების მხრიდან მტკიცებულების განადგურებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი სტანდარტების თანახმად, არასათანადო მოპყრობაში სავარაუდო მონაწილე სახელმწიფო მოხელეებს დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება.

“პოლიციელთა უფლებამოსილების დროული შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მიმართ ტოლერანტობის ეჭვის გასაქარწყლებლად. წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული პირები გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე აუცილებლად უნდა ჩამოშორდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს”, – წერია საია-ს განცხადებაში.

27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე. პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ნაცემი 28 წლის კაცი საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული და ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც მასზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა.

ნაცემია თავად ლაშა აბისონაშვილიც. პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, ის სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, გორში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით. მომხდარიდან მეორე დღეს კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მხოლოდ ექვსი პოლიციელი დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯგუფურ ძალადობაში 6-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს.

ამავე თემაზე: