საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანმა საზღვარგარეთის პასპორტი მისცა, აეროპორტში ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.
აფგან სადიგოვი ბაქოდან ევროპაში მცხოვრებ ოჯახთან გამგზავრებას გეგმავდა.
“ამჟამად ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ვიმყოფები. აზერბაიჯანიდან გასვლის უფლება არ მომცეს. ჩემ წინააღმდეგ არ არსებობს კანონის დარღვევის, გამოძიების ან სისხლის სამართლის საქმის არანაირი საფუძველი.
აზერბაიჯანის ხელისუფლება კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს.
თუ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს არაფრად აგდებენ, ერთობლივად უხეშად და სერიოზულად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და აზერბაიჯანში დამაბრუნეს, მაშინ მათგან ნებისმიერი სახის დანაშაულსა და საფრთხეს უნდა ველოდოთ!” – წერს სადიგოვი.
2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
რვა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნების საქმეზე.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროპის საბჭოს მოუწოდებენ სადიგოვის საქმეზე რეაგირებისკენ
