22 წლის ქართველ ნეონაცისტს, მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც ინტერპოლით იძებნებოდა და ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში დააკავეს მოლდოვაში, განაჩენი აშშ-ში 13 მაისს გამოუტანეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩხიკვიშვილი დაკავებისას 20 წლის იყო. კიშინიოვში ის მაშინ აიყვანეს, როცა საქართველოდან უკრაინისკენ მიდიოდა. აშშ-ს 2025 წლის მაისში გადასცეს. აშშ-ის პროკურატურა მას ედავებოდა გეგმის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც, ახალი წლის ღამეს, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ პირს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული უნდა დაერიგებინა.

ეს ყველაფერი არ ყოფილა. ჩხიკვიშვილი „თეთრი რასის უპირატესობის“ ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო. მეტიც, თავად იყო საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფების [საკულტო მკვლელობების მანიაკები] ლიდერი, სხვადასხვა მეტსახელით, მათ შორის „მეთაური ყასაბი“, რომელიც სხვებსაც ამზადებდა და მოუწოდებდა რასობრივი უმცირესობების, ებრაელების განადგურებისკენ. ჩხიკვიშვილის გეგმები ჩანერგილი აგენტის მეშვეობით გაცხადდა. სწორედ მას ამზადებდა ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბავშვების მასობრივი მკვლელობისთვის.

დაახლოებით 2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებდა მანიფესტს, რომელსაც „სიძულვილის სახელმძღვანელო“ ერქვა. აქ იყო განხილული მისი ექსტრემისტული დაჯგუფების პრინციპები, რომელთა დაცვისა და განვითარებისთვის კულტის წევრები უნდა ჩართულიყვნენ მასობრივ ძალადობის აქტებში. ტექსტში ჩხიკვიშვილი წერდა, რომ მას „მოუკლავს თეთრი რასის სახელით“ და მოუწოდებდა სხვებსაც ეწარმოებინათ „ეთნიკური წმენდა“, მათ შორის, სროლებით სკოლებში, ბავშვების გამოყენებით თვითმკვლელ ტერორისტებად და სხვა. ტექსტი დეტალურად აღწერდა მეთოდებსა და სტრატეგიებს, როგორ უნდა განახორციელო მასობრივი „ტერორისტული თავდასხმა“, რომ ამისთვის საუკეთესო სამიზნეა ღია ცის ქვეშ გამართული ფესტივალები, დღესასწაულები, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ქუჩები. განსაკუთრებით მოწადინებული იყო ჩხიკვიშვილი, რომ მსგავსი თავდასხმები აშშ-ში განხორციელებულიყო.

2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ამერიკაში ჩავიდა და სანამ იქ იმყოფებოდა, ბრუკლინში, ბებიამისთან რჩებოდა. სულ მცირე 2022 წლის ივლისიდან ჩხიკვიშვილი იწყებს თანამოაზრეების მოგროვებას კულტის სახელით, სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულების ჩასადენად. მათ რიგებში აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც სინამდვილეში FBI-ს აგენტი იყო.

2023 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩხიკვიშვილმა მოწამლული ტკბილეულის გამოყენებით თავდასხმის გეგმაზე ლაპარაკი. მისი განზრახვა იყო, რომ ეს თავდასხმა „ბრეივიკზე უფრო მასშტაბური“ უნდა ყოფილიყო [ნორვეგიელი ნეონაცისტი, რომელმაც 77 ადამიანი იმსხვერპლა 2011 წელს]. ის ამტკიცებდა, რომ 2022 წელს ამერიკაში ყოფნის დროსაც ჰქონდა ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, მკვლელობა და ამით ამაყობდა. „კიდევ მოკლავდა“, მაგრამ უნდოდა, ჯერ „სხვებისთვისაც ეცლია“.

ჩხიკვიშვილმა გასული წლის ნოემბერში აღიარა, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს უწყობდა ხელს, ავრცელებდა ინფორმაციას ხელნაკეთი ბომბების დამზადების შესახებ და სხვა.

„ვაღიარებ, რომ ჩემმა ქმედებებმა ზიანი მოიტანა სიძულვილისა და ძალადობის გავრცელების გამო და გულწრფელად ვწუხვარ“, — წერდა ჩხიკვიშვილი გასული თვით დათარიღებულ წერილში მოსამართლისადმი.

ჩხიკვიშვილის ადვოკატი, ზაქარი ტეილორი, 5-წლიან სასჯელს ითხოვდა და ამას ასაბუთებდა იმით, რომ ჩხიკვიშვილს ჰქონდა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევები, ჯერ კიდევ მოზარდობიდან, როცა ის სოციალური მედიით ექსტრემისტული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცა. თუმცა, ადვოკატის მტკიცებით, ის შეიცვალა. „განუდგა ნაციზმს, ანტისემიტიზმს, რასიზმს, ძალადობას“ და „არაფერი უნდა სხვა, გარდა ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებისა“.

ადვოკატის სიტყვებით, „ჩხიკვიშვილის გულს შემოსალტული სიძულვილის არტახები“ პირველად მოლდოვის ციხეში „დაიბზარა“, როდესაც მან ბიბლიის, ფილოსოფიური და ისტორიული ლიტერატურის კითხვა დაიწყო.

„ის არა თავის ქმედებებს ნანობს, არამედ იმას, რომ წაასწრეს“, — ასეთი იყო პროკურორების პოზიცია, რომლებიც 17 წლითა და 6 თვით ითხოვდნენ ჩხიკვიშვილის დაპატიმრებას.

პროკურორების მტკიცებით, გარდა იმისა, რასაც თავად უშუალოდ გეგმავდა, ჩხიკვიშვილის მიერ სხვადასხვა გზებით გავრცელებულმა მოწოდებებმა, მისმა „სახელმძღვანელომ“ გავლენა იქონია მათზეც, ვისთანაც უშუალო შეხება არ ჰქონია. ასეთი იყო, მაგალითად, 2025 წელს ტენესის შტატში, ნეშვილში მომხდარი ამბავი, როდესაც 17 წლის მოსწავლემ ჯერ ერთი ადამიანი მოკლა, მეორე დაჭრა და მერე თავი მოიკლა. ჩანაწერებში პირდაპირ ახსენებდა ჩხიკვიშვილს. მისით იყვნენ შთაგონებულები თავდამსხმელები, რომელთაც 2024 წელს 5 ადამიანი დაჭრეს თურქეთში, 2022 წელს 74 წლის ქალი მოკლეს რუმინეთში.

„მრცხვენია, რომ „სიძულვილის სახელმძღვანელოს“ ავტორი ვარ. იმედი მაქვს, ერთ დღეს ის გაქრება. ნეტავ არასდროს დამეწერა“, — ესეც ამონარიდია ჩხიკვიშვილის წერილიდან მოსამართლისადმი, სადაც ასევე წერდა, რომ ბოდიშს უხდიდა შავკანიანებს, ებრაელებს და ყველას, ვისაც სამიზნედ ირჩევდა.