2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხე დატოვა გიორგი კუჭუაშვილმა.

იგი 2024 წელს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ სწორედ ამ მუხლით ცნო დამნაშავედ და 4 წელი მიუსაჯა. დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლამდე გადააკვალიფიცირა და 4-წლიანი სასჯელი გაანახევრა. 

კუჭუაშვილის საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძეა. ის დაკავებულს ედავებოდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ბოთლი ისროლა სპეცრაზმელების მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს მოხვდა.

გიორგი კუჭუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა და ადასტურებდა ნახევრად ცარიელი ბოთლის სროლის ფაქტს რობოკოპების მისამართით, თუმცა დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა ამ ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირებას.

“ეს ქმედება ნამდვილად მე ჩავიდინე, მაგრამ ეს არ იყო თავდასხმის მიზნით ჩადენილი. არანაირი შუღლის გრძნობა მე არ მქონია. მის [სამართალდამცველის] ადგილას ბევრი ჩემი მეზობელი, ახლობელი, ნაცნობი შეიძლებოდა ყოფილიყო. კონკრეტულ ადგილზე მე ვიყავი წინააღმდეგობის გრძნობით. არცერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩემგან მოწონება არ აქვს, არც პიროვნულად, არც მოქალაქეობრივად. ვგმობ ყველანაირ ძალადობას”, – თქვა სააპელაციო სასამართლოში გიორგი კუჭუაშვილმა.

32 წლის გიორგი კუჭუაშვილი დაკავებამდე კურიერად მუშაობდა, არასდროს ყოფილა ნასამართლევი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი – ნია და ნენე. ერთ-ერთი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. გიორგის დაკავებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე დაბრუნდნენ საქართველოში. ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზამ, “ჰაბიტოსკოპურმა ექსპერტიზამ” გიორგი კუჭუაშვილის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანება, რომელიც ე.წ.-მა სამართალდამცველმა მიიღო, ჯანმრთელობისთვის საშიში არ ყოფილა.

ფოტო: პუბლიკა