თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გიორგი კუჭუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა, მისჯილი 4 წლიანი პატიმრობა გაუნახევრა და 2 წლით განუსაზღვრა. უცვლელი დარჩა დავით კოლდარის სასჯელი.
გიორგი კუჭუაშვილისთვის პოლიციელზე თავდასხმის მუხლი, პოლიციელისადმი წინააღმდეგობად გადაკვალიფიცირდა. საპატიმრო ვადის ათვლა 2024 წლის მაისიდან იწყება და შესაბამისად, ის საპატიმროს რამდენიმე თვეში, 2026 წლის მაისში დატოვებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაზეც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადააკვალიფიცირა გიორგი კუჭუაშვილის ბრალი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას. მოსამართლე დავით მამისეიშვილს გიორგი კუჭუაშვილის გათავისუფლებაც შეეძლო.
პროკურატურას გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეებში როინ ხინთიბიძე წარმოადგენდა. გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოშიც ლაშა ცუცქირიძე და მამუკა ქირია იცავდნენ, ის ადვოკატები, ვინც მათ უფლებებს პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა.
„ნებისმიერი სასჯელი, გარდა თავისუფლების აღკვეთისა“ — ეს იყო ადვოკატების მოთხოვნა და ბოლო სიტყვა დღევანდელ სხდომაზე.
სხდომას დავით კოლდარი არ დასწრებია და დისტანციურად ჩაერთო და არც საბოლოო სიტყვა უთქვამს.
გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი სხვადასხვა ჰქონდათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთად განიხილავდა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია. გიორგი კუჭუაშვილს ედავებოდნენ ნახევრად ცარიელი წყლის ბოთლის პოლიციელების მიმართულებით სროლას, რაც პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირდა. 2025 წლის თებერვალში მას 4 წელი შეეფარდა. გიორგი კოლდარს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ და მისთვის სასჯელის ზომად 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა განისაზღვრა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დავით კოლდარი 2024 წლის 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციის მანქანაზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია. ამის სანაცვლოდ კი თანხა აიღო.
გიორგი კუჭუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა და ადასტურებდა ნახევრად ცარიელი ბოთლის სროლის ფაქტს რობოკოპების მისამართით, თუმცა დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა ამ ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირებას. ადვოკატის თქმით, ეს იყო წინააღმდეგობა პოლიციელის მიმართ და არა მასზე მიზანმიმართული თავდასხმა.
„ეს ქმედება ნამდვილად მე ჩავიდინე, მაგრამ ეს არ იყო თავდასხმის მიზნით ჩადენილი. არანაირი შუღლის გრძნობა მე არ მქონია. მის [სამართალდამცველის] ადგილას ბევრი ჩემი მეზობელი, ახლობელი, ნაცნობი შეიძლებოდა ყოფილიყო. კონკრეტულ ადგილზე მე ვიყავი წინააღმდეგობის გრძნობით. არცერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩემგან მოწონება არ აქვს, არც პიროვნულად, არც მოქალაქეობრივად. ვგმობ ყველანაირ ძალადობას“, — თქვა სააპელაციო სასამართლოში გიორგი კუჭუაშვილმა.
დავით კოლდარი 22 წლისაა, თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დანაშაულს აღიარებდა, აანაზღაურა ზიანი. თუმცა ამას მისი მდგომარეობა არ შეუმსუბუქებია.
31 წლის გიორგი კუჭუაშვილი დაკავებამდე კურიერად მუშაობდა, არასდროს ყოფილა ნასამართლევი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ერთ-ერთი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და გიორგის დაკავებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე დაბრუნდნენ საქართველოში. ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზამ, ე.წ. ჰაბიტოსკოპურმა ექსპერტიზამ გიორგი კუჭუაშვილის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანება, რომელიც ე.წ. სამართალდამცველმა მიიღო, ჯანმრთელობისთვის საშიში არ ყოფილა.
2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მონაწილეობის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ 10 ადამიანი დააკავა, დავით კოლდარისა და გიორგი კუჭუაშვილის გარდა, ესენი იყვნენ ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, გიორგი შანიძე, ანდრეი რაუტბერგი, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, ვაჟა დურგლიშვილი. გიორგი შანიძე განაჩენის გამოცხადებიდან 4 დღეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ანდრეი რაუტბერგს ჯარიმა დაეკისრა, ვაჟა დურგლიშვილს პირობითი მსჯავრი შეეფარდა. დანარჩენებს პატიმრობა მიესაჯათ და სასჯელს სხვადასხვა ციხეში იხდიან.
დაკავებულების ოჯახის წევრები და ადვოკატები მაშინვე ამბობდნენ, რომ პროკურატურამ და სასამართლომ საქმეები განზრახ გააჭიანურეს, რომ გიორგი შანიძის შეწყალების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დანარჩენების შეწყალება ვერ მოესწრო.








