ავტორი: ნინა ბაიდაური
სხვადასხვა დროს, პირად საუბრებში და ნეტგაზეთთან ინტერვიუშიც, არაერთ დემონსტრანტს უთქვამს, — „ყველა რომ შევიდეს სახლში, ყველა რომ დანებდეს, ერთიც რომ დავრჩე, გამოვალ და ვიდგები გარეთ“.
და თუ ოდესმე ყველა მართლა დანებდა, ერთი ადამიანი არასდროს დარჩება მარტო — მასთან ერთად და მის გვერდით თამუნა გიორგაძე იდგება.
„მზრუნველი“, „პროტესტის გული და სული“, „რუსთაველის ბურჯი“, „ყველას დედა და პატრონი“, „მებრძოლი, შეუპოვარი“ და ისევ: მზრუნველი… მზრუნველი — ეს ყველა თამუნა გიორგაძის ეპითეტებია, როგორც მას ის ადამიანები მოიხსენიებენ, ვინც მიმდინარე უწყვეტ პროტესტშია ჩართული და ვისაც თუნდაც მცირეხნიანი შეხება ჰქონია მასთან, მაგრამ ყველაზე ხშირად რასაც მოისმენთ, ესაა — „მზრუნველი“.
სასამართლოში, მაშინაც კი, როდესაც მედია შეზღუდული რესურსებით ყველა პროცესს ვერ სწვდება, თამუნა არის ყველა პროცესზე და ზრუნავს, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც აზრის გამოხატვისთვის, ტროტუარზე დგომისთვის და სხვა აბსურდული ახირებებით ასამართლებენ და იზოლატორებში ამწყვდევენ, იმის მიუხედავად, იცნობს თუ არა, მარტო არ გრძნობდეს თავს და დარბაზში გულშემატკივრებს, თანამოაზრეებს ხედავდეს.
თუმცა შეიძლება დამალოს, როცა მას თავად ასამართლებენ. არაერთხელ ამოაყოფინეს თავი “სამართალდამრღვევის” სკამზე. იყო ძალადობრივი დაკავებაც გასული წლის 22 ოქტომბერს, როცა ხან უკვე გადაკეტილ გზას კეტავდა „ხელოვნურად“, ხან ტროტუარზე იდგა „ხელოვნურად“.
6 მაისს, გიორგობას, მორიგჯერ 2 დღით გაუყენეს იზოლატორის გზას. 17 დეკემბერს რომ ტროტუარზე იდგა პარლამენტის წინ და 7 თებერვალს რომ შაბათის საპროტესტო მარშში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ.
6 მაისს სასამართლოში ხალხმრავლობა იყო. უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს. სასამართლოს შენობა, ეზო, მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილია შავებში ჩაცმული მამაკაცებით, სამართალდამცველებით. მათ შორის პატარა ჯგუფი გამოირჩევა — დემონსტრანტები ფერადი ქურთუკებით, რომლებიც დარბაზიდან დარბაზამდე ერთმანეთს გულშემატკივრისა და სამართალდამრღვევის სტატუსს უცვლიან.
საათი საათს მოსდევს და დღის მანძილზე გასასამართლებელი დემონსტრანტების რაოდენობა იკლებს. 14:00 საათზე თამუნა გიორგაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ჯერია. საქმე უკვე განხილულია და მტკიცებულებები, რომ თამუნა გიორგაძე 17 დეკემბერს ტროტუარზე იდგა და 7 თებერვალს, შაბათის მარშის პარლამენტთან დასრულების შემდეგ, გადაკეტილ რუსთაველზე გზის სავალ ნაწილზე გაჩერდა რამდენიმე წუთით, უკვე გამოკვლეულია. თამუნა სასამართლოს ეზოში ელოდება მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებას.
დარბაზში ვსხედვართ ჟურნალისტი, ადვოკატი და დემონსტრანტები. მაგალითად, ლევან ჯობავა, რომელსაც ერთი საათით ადრე 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, იმიტომ, რომ „ქალაქის იერსახე დაამახინჯა“, ნაფარეულისა და კეკელიძის ქუჩების კვეთაზე გაკეთებული წარწერით „მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები, ხალხს შია.“
აქაა ია მელითაურიც, რომელიც წინა დღით 5000 ლარით დააჯარიმეს, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტით პოლიციელი შეურაცხყავიო და სხვები.
ზვიად ცეკვავა ისე სწრაფად და მიჯრით ამბობს სიტყვებს, გადაწყვეტილებას თამუნა გიორგაძის 2-დღიანი პატიმრობის შესახებ, რომ დამსწრეები ერთმანეთთან ვამოწმებთ, ხომ ნამდვილად სწორად გავიგეთ, რაც თქვა.
თამუნა პატიმრობისთვის მზადაა. ზუსტად ჰქონდა გათვლილი, რომ 2 დღით დააკავებდნენ და დასავლეთ საქართველოს გზას გაუყენებდნენ. თადარიგი დაჭერილი აქვს. წინა დღით დაკავებულმა ნინო პეტრიაშვილმა, 13 წლის ბავშვის დედამ, სასამართლოს დარბაზში სამსახურის ლეპტოპი და ჯვარი რომ ჩააბარა, თამუნამ მაშინვე გადააბარა სანდო ადამიანს — ხვალ მეც უნდა დამიჭირონ, ნინოს ჩემზე ადრე მოუწევს გამოსვლა და მიხედეთო.
სანამ პატიმრობაში იქნება, იმ დღეების სხდომების განრიგიც ჩამოწერა, დარბაზები ცარიელი არ დაგრჩეთ, მოდით და უგულშემატკივრეთ თანამოაზრეებსო.
დარბაზში იმიტომ არ შევიდა, რომ იქვე დამადებენ ბორკილებს, სასამართლოს „დილეგში“ ჩამიყვანენ და იქ ჯდომას, ჰაერზე ვიქნებიო. სასამართლოს ეზოში შესასვლელიდან დარეკა 112-ზე, რომ შეეტყობინებინა: „გამარჯობა, თამარ გიორგაძე ვარ. 2-დღიანი პატიმრობა შემიფარდეს, სასამართლოს შესასვლელში ვდგავარ, გადაეცით საპატრულოს, რომ მოვიდნენ.“
112-ის ოპერატორი ახალბედაა, ვერ ხვდება, ის რა შუაშია და მას რატომ ურეკავენ, მოდით და დამაპატიმრეთო. თამუნა უხსნის, რომ ასე ხდება ხოლმე. ჩქარობს. ვარაუდობს, რომ დილით დაკავებულ ნათია გოფოძეს, რომელსაც ასევე 2 დღე შეუფარდეს მარშის დღეს გადაკეტილ გზაზე ყოფნისთვის, ცალკე არ წაიყვანდნენ დასავლეთ საქართველოს რომელიმე იზოლატორში შესასახლებლად და მის საქმეზე გადაწყვეტილებას დაუცდიდნენ. „მერიდება ამ გოგოსი“, — ამბობს თამუნა.
„უთხარი [112-ის ოპერატორს], რომ კრიმინალი გარეთ დავდივარ და საშიშია-თქო“, — ეცინებათ დემონსტრანტებს, რომელთაც სხვადასხვა დროს უკვე მოხდილი აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა ლამის მთელი საქართველოს იზოლატორებში.
„თვითმარქვია ხელისუფლების ერთ-ერთი სადამსჯელო მექანიზმია. ეს გადაწყვეტილებას ვერავის შეგვაცვლევინებს. შაბათის მარშს მაინც მოვუსწრებ. წამალი ბავშვებს! ეს არის ამწუთას უმთავრესი მოთხოვნა. ქუჩასაც გადავკეტავთ, ტროტუარსაც და სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ, არ გავჩერდებით“, — ამბობს თამუნა საპატრულო ეკიპაჟის მოლოდინში.
მოსამართლე ცეკვავას მიერ 14:00 საათზე გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საპატრულო ეკიპაჟი სასამართლოსთან 15:36 საათზე მოდის. თამუნას მანქანაში სვამენ, მაგრამ ისევ სასამართლოს ეზოში შეჰყავთ.
კიდევ ორი მოქალაქეა დასაკავებელი და „შესაგროვებელი“ იზოლატორებში შესასახლებლად — ნოდარ ჩაჩანიძე 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომისთვის და სტუდენტი ანი ფრიდონაშვილი, რომელსაც ილიაუნიში აკითხავენ და უნივერსიტეტის წინ, ზურგზე ხელებგაკრულსა და ბორკილებდადებულს სვამენ პოლიციის მანქანაში — 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომისთვის.
„დარდი მიმყვება, რომ ნერვიულობენ ჩემი თანამებრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვეხვეწები, არაფერია სანერვიულო. სახადივითაა ეს ყველაფერი და უნდა მოვიხადოთ. მუმლი გვყავს შემოსეული. მოვიხდით და ყველაფერი კარგად იქნება. სულ 2 დღე არ ვიქნები. [დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების] მშობლებს გიტოვებთ კანცელარიასთან, რომლებიც მე-17 ღამეს ქუჩაში და წვიმაში გაათენებენ, შვილებისთვის წამლის მოთხოვნით. რომელ სამართალზე და კანონიერებაზეა საუბარი და ტროტუარის კანონზე. შვილების სიცოცხლის გადასარჩენად წამალს ითხოვენ მშობლები. მათი, ყველა უსამართლოდ შევიწროებული და დაჩაგრული ადამიანის თანადგომა უნდა გაგრძელდეს. ჩემი ორი დღით არყოფნით არაფერი დააკლდება პროტესტს“, — ამბობს ნეტგაზეთთან თამუნა წუთებით ადრე ბორკილების დადებამდე.
ვინმეს მის მხნეობასა და შემართებაში ეჭვი რომ არ შეეპაროს, სასამართლოს სარდაფიდან თამუნას ავტოპორტრეტი გვეწევა:
16:05 — „სასამართლოს სარდაფის საკნიდან არ გვქონია, მგონი, ჯერ აკაცუკებს სელფი. “რატომღაც” ტელეფონი თან მაქვს და ვერ გამოვტოვებდი.“

უკვე დაღამებულზე ირკვევა, რომ თამუნა გიორგაძეც, ნათია გოფოძეც და ანი ფრიდონაშვილიც სენაკის იზოლატორში შეასახლეს.
„დილიდან ყველაფერი ექნებათ, რაც სჭირდებათ. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ: სადაც არ უნდა წაიყვანოთ ეს ხალხი, ყველგან ვართ“, — წერს პროტესტის მონაწილე ნათია გაბრავა.
