სახელმწიფო მინისტრს, რომელიც მამუკა მდინარაძე იქნება, საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება.
როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შედის, პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აპარატულ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს. ამასთან, მდინარაძის უწყებას არც თავისი ბიუჯეტი ექნება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ის უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტიდან.
„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ 21 აპრილს გახდა ცნობილი. მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
მამუკა მდინარაძის ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრია.
შინაგან საქმეთა მინისტრად დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი კაბინეტის ვიცე-პრემიერები იქნებიან მამუკა მდინარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.
