12 მარტს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ერთობლივი რეზოლუციის პროექტი ექვსი პოლიტიკური ჯგუფის (ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები და რეფორმისტები, „განაახლე ევროპა“, მემარცხენეები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მიერ მომზადდა.
რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:
- მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენების ან განსხვავებული აზრის მშვიდობიანი გამოხატვის გამო, აგრეთვე „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ დევნას;
- გმობს დაკავების პერიოდში ხოშტარიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას; მოითხოვს მისი, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით ან ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანი განხორციელების გამო დაკავებული სხვა პირების, დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს მათ წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ;
- მოითხოვს პატიმრობაში არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების, აგრეთვე მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სარწმუნო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას;
- მკაცრად გმობს შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების გაგრძელებას, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ახშობს პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტსა და განსხვავებულ აზრს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სათანადო სამართლებრივი პროცედურები;
- ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან;
- კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი მათი ერთგულების მიმართ; მოუწოდებს ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ და დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი ქართველი აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები;
- მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, აგრეთვე ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ხელშემწყობების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, დევნასა და ძალადობაზე.
